სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აწარმოებს ელექტროენერგიას მბზინავი ქვა. პოსტი შემდეგი სათაურით ქვეყნდება: „ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს ტყეებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უჩვეულო და დამუხტული ქვები აღმოაჩინეს, საიდანაც ნათურის ანთება იყო შესაძლებელი“. რეალურად, არ არსებობს მინერალი, რომელსაც დამატებითი ენერგიის გარეშე შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს და შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო ყალბია.

მტკიცება, რომ ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში ელექტრონულად დამუხტული ქვები აღმოაჩინეს, ბოლო პერიოდში სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის Twitter-ზე, YouTube-სა და Instagram-ზე, ფართოდ გავრცელდა. აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობა ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც, US TODAY-მ და AP NEWS-მა გადაამოწმეს. ორივე გამოცემა, გეოლოგების მოსაზრებებზე დაყრდნობით, მოცემულ ამბავს ყალბად აფასებს.

ნევადის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორის, საიმონ ჯოვიტის თქმით, ზოგიერთ მინერალს ელექტროენერგიის გატარება შეუძლია, მაგრამ ქვებს ელექტროენერგიის წარმოქმნა ან შენახვა არ შეუძლიათ. ექსპერტების აზრით, ვიდეოში არსებული ქვა სავარაუდოდ პირიტია, რომელსაც ელექტროენერგიის გატარება შეუძლია, მაგრამ მისი შენახვა - არა. ბენჯამინ ჰალეტი, ვისკონსინ-ოშკოშის უნივერსიტეტის გეოლოგიის ლექტორი, ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც ვიდეოში ქვა უჭირავს, შესაძლოა ასევე, სპეციალური ელემენტიც ეჭიროს.

აღსანიშნავია, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მინერალური რესურსებით განსაკუთრებით მდიდარია, რის გამოც მას ხშირად „გეოლოგიურ სკანდალს“ უწოდებენ. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა არის კობალტის წამყვანი გლობალური მწარმოებელი და აფრიკის კონტინენტზე სპილენძის წამყვანი მწარმოებელი. რაც შეეხება ელექტროდამუხტულ ქვებს, გეოლოგების თქმით, ისინი არა მხოლოდ კონგოში, არამედ მთელ აფრიკაშიც კი არ აღმოუჩენიათ.

ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ კონგოს ტყეებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უჩვეულო, დამუხტული ქვები აღმოაჩინეს, რომელთა გამოყენებით ნათურის ანთება არის შესაძლებელი, ყალბია.

-----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი