სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში პროტესტის ვიდეოს აზიარებს და მიზეზად „ახლახან მიღებულ კანონს“ ასახელებს, რომელიც ბავშვს 5 წლის ასაკიდან საშუალებას აძლევს - სურვილის შემთხვევაში, სქესი შეიცვალოს. რეალურად, ლოს-ანჯელესში მსგავსი კანონი არ მიუღიათ და პროტესტი გლენდელის სკოლის საბჭოს სხდომის გამო დაიწყო, სადაც საბჭოს წევრები ივნისის LGBTQ+ სიამაყის (Pride) თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.

გლენდელის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სამშაბათს, 6 ივნისს სამი ადამიანი დააპატიმრეს, როდესაც მომიტინგეები საბჭოს წევრების შეკრებას ძალადობრივად აპროტესტებდნენ. სხდომაზე ივნისის სიამაყის თვედ გამოცხადების საკითხზე კენჭი უნდა ეყარათ. Facebook-ის მომხმარებელი სწორედ 6 ივნისის შეტაკებების ვიდეოებს ავრცელებს.

თავდაპირველად, პროტესტი სატიკოის დაწყებითი სკოლაში 2 ივნისს დაიწყო. პროტესტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დაწყებითი სკოლის ბავშვები ძალიან პატარები არიან ლგბტქ+ საკითხების განსახილველად. მათ ეცვათ მაისურები შემდეგი წარწერებით: „ჩვენს შვილებს თავი დაანებეთ“, „მშობლის არჩევანი მნიშვნელოვანია“, „ასწავლეთ ჩემს შვილს მათემატიკა, მეცნიერება და ინგლისური“.

სატიკოის დაწყებით სკოლაში 2 ივნისის ღონისძიება ბავშვებისთვის წიგნის - „დიდი საოჯახო წიგნი“ (The Great Big Book of Families), გაცნობასაც მოიცავდა, რომელშიც ოჯახის სხვადასხვა სტრუქტურის შესახებ არის ინფორმაცია წარმოდგენილი, მათ შორის - მარტოხელა მშობლების, ლგბტქ+ მშობლების, ბებია-ბაბუისა და აღმზრდელ მშობლებთან დაკავშირებით.

ინსტაგრამ-გვერდმა, სახელწოდებით „Saticoyelementaryparents“, სხდომის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდა მშობლებს, დაგეგმილ დღეს ბავშვები სკოლაში არ გაეშვათ. ინსტაგრამ-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში ნათქვამია, რომ ქრისტიანული ოჯახები და ისინი, ვინც კონსერვატიულ ღირებულებებს იზიარებენ, არ თვლიან, რომ მიზანშეწონილია, ასწავლონ ბავშვებს ლგბტქ+-სთან დაკავშირებული საკითხები და მიაჩნიათ, რომ მშობლებს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ.

რაც შეეხება 6 ივნისს, მიუხედავად პროტესტისა, გლენდელის სკოლის საბჭოს დაგეგმილი სხდომა სამშაბათს, 6 ივნისს, მაინც შედგა. საბჭოს დღის წესრიგის მიხედვით, მათი შეკრების მიზანს წარმოადგენდა ივნისის, როგორც ლგბტქ+ სიამაყის (Pride) თვედ გამოცხადება. საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პოლიციამ პროტესტი დაშალა და არაკანონიერად გამოაცხადა - ფიზიკური ძალადობის შემთხვევებისა და წიწაკის სპრეის უნებართვო გამოყენების გამო. სკოლის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ივნისის “Pride” თვედ გამოცხადებას. საბჭოს განცხადებაში წერია:„Glendale Unified-ში ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ უსაფრთხო, ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა ბავშვს შეუძლია ისწავლოს და განვითარდეს“, „ჩვენ მივყვებით ყველა კანონსა და პოლიტიკას, რომელიც დადგენილ იქნა კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანოსა და განათლების დეპარტამენტის მიერ“.

რაც შეეხება სქესის შეცვლას, კალიფორნიის შტატში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ მშობლების ან მეურვის ნებართვა ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, მათ შორის - სქესის შეცვლის ოპერაციასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში სიამაყის (Pride) თვედ სწორედ ივნისი მიიჩნევა, რაც ნიუ-იორკში 1969 წლის სტოუნვოლის აჯანყებას უკავშირდება. სტოუნვოლის აჯანყება პოლიციელების მიერ გეი ბარის დარბევით დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მასობრივი პროტესტით გაგრძელდა. სწორედ ეს აჯანყება მიიჩნევა ლგბტქ+ ადამიანების თანასწორობისთვის ბრძოლის საწყისად. სტოუნვოლის მოვლენების შემდეგ მალევე გაჩნდა ღირსების მარშის იდეა, რომელიც ყოველ წელს ივნისში იმართება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი