ნინო ნიჟარაძე: [აჭარაში] შობადობა არის 14.7, მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით არის 12, სიკვდილიანობა გახლავთ 10.6 და ქვეყნის მასშტაბით არის 16, ბუნებრივი ნამატი - 4, ქვეყნის მასშტაბით - მინუს 3.8.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნინო ნიჟარაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში, საქართველოში 42 319 ადამიანი დაიბადა, ხოლო 49 118 გარდაიცვალა. მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის, 3 688 600 ადამიანის, გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით, შობადობის ზოგადი კოეფიციენტი - 11.4-ს, მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი კი 13.2-ს შეადგენს. ბუნებრივი მატების კოეფიციენტი მინუს 1.8-ია, რაც ნიშნავს, რომ შარშან 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას, 2022 წელს აქ 355 500 ადამიანი ცხოვრობდა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში აჭარაში 5 267 ადამიანი დაიბადა, ხოლო 3 811 - გარდაიცვალა. შობადობისა და მოკვდაობის კოეფიციენტებმა შეადგინა, შესაბამისად, 14.8 და 10.7. ბუნებრივი მატების კოეფიციენტი 4.1 იყო, ანუ 1 456 ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.

მინისტრი აჭარის მონაცემებზე საუბრისას 2022 წლის მაჩვენებლებს ასახელებს, ხოლო საქართველოს მასშტაბით დასახელებული რიცხვები 2021 წლის მონაცემებთან არის თანხვედრაში. თუ 2022 წლის მონაცემებს შევადარებთ, ამ შემთხვევაშიც აჭარის ა.რ-ში დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მოცემული მაჩვენებლები [შობადობა, ბუნებრივი მატება] პოზიტიურია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ა.რ-ში ზოგადი ტენდენცია გაუარესებულია და, პანდემიამდელ ვითარებასთან შედარებით, არც შობადობის, არც მოკვდაობის კოეფიციენტი (შესაბამისად - არც ბუნებრივი მატების) მაჩვენებლები გაუმჯობესებულა. ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ ნინო ნიჟარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით „მეტწილად სიმართლე“.

ანალიზი: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მინისტრის საათის ფორმატში, უწყების მიერ 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა, რა დროსაც მან განაცხადა: „[აჭარაში] შობადობა არის 14.7, მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით არის 12, სიკვდილიანობა გახლავთ 10.6 და ქვეყნის მასშტაბით არის 16, ბუნებრივი ნამატი - 4, ქვეყნის მასშტაბით - მინუს 3.8.“

„ფაქტ-მეტრი“ მინისტრის განცხადებით დაინტერესდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში სულ - 3 688 600 ადამიანი, ხოლო აჭარაში 355 500 ადმიანი ცხოვრობდა. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 42 319 ბავშვი დაიბადა, ხოლო 49 118 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება რეგიონს, დაიბადა 5 267 და გარდაიცვალა 3 811 პირი.

შობადობის ზოგადი კოეფიციენტი უჩვენებს, რამდენი ცოცხლად დაბადებული ბავშვი მოდის 1 000 ადამიანზე. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის მთლიან რაოდენობას ვყოფთ 1 000-ზე. მიღებულ რიცხვზე ვყოფთ საანგარიშო პერიოდში დაბადებულთა რაოდენობას. ამდენად, შობადობის კოეფიციენტი საქართველოში 11.4-ია, ხოლო აჭარაში - 14.8.

მსგავსი მიდგომით იანგარიშება მოკვდაობის კოეფიციენტიც, რომელიც აჩვენებს, რამდენი გარდაცვლილი მოდის 1 000 ადამიანზე. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით, მოკვდაობის კოეფიციენტი 13.2-ს შეადგენს, ხოლო აჭარის მასშტაბით - 10.7-ს.

სხვაობა შობადობისა და მოკვდაობის კოეფიციენტებს შორის გვაძლევს ბუნებრივი მატების კოეფიციენტს. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული პარამეტრი, შესაბამისად, არის 4.1 და მინუს 1.8. ეს ნიშნავს, რომ აჭარაში 1 456 ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა, ხოლო მთლიანი ქვეყნის მონაცემების გათვალისწინებით, გარდაიცვალა 6 799 ადამიანით მეტი, ვიდრე დაიბადა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. კერძოდ, 2018 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 729 600 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს ქვეყანაში 3 688 600 ადამიანი ცხოვრობდა. აჭარის შემთხვევაში კი პირიქით, მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა და თუ 2018 წელს რეგიონში რეგისტრირებული იყო 346 300 ადამიანი, შარშან აჭარის მოსახლეობის რაოდენობამ 355 500 შეადგინა.

გრაფიკი 1. მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველოსა და აჭარაში 2018-2022 წლების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის ბოლო, 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 3 736 400 ადამიანი ფიქსირდება, ხოლო აჭარაში მათი რიცხოვნობა 361 400 ადამიანს შეადგენს. ორივე შემთხვევაში, მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია. საქართველოს შემთხვევაში ეს ზრდა მთლიანად უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტებზე მოდის, ხოლო ბუნებრივი მატება უარყოფითია და გასულ წელს საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო. აჭარის ა.რ. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ნაწილი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრანტებზე მოდის, თუმცა ბუნებრივი მატება, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, დადებით ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, არც აჭარის ა.რ. შემთხვევაში პანდემიამდელი მაჩვენებელი აღდგენილი არ არის.

საანგარიშო პერიოდში, როგორც საქართველოს, ისე აჭარის მასშტაბით, შობადობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი 2018 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება მოკვდინების კოეფიციენტს, ასევე ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით გაიზარდა 2020-2021 წლებში, რაც ახალი კორონავირუსით (COVID 19) გარდაცვლილთა რაოდენობას უკავშირდება.

გრაფიკი 2. შობადობისა და მოკვდინების კოეფიციენტები და ბუნებრივი ნამატი 2018-2022 წლების მიხედვით

საქართველო

აჭარა

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

გრაფიკი 2 აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში, ბუნებრივი მატების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი 2018 წელს დაფიქსირდა როგორც მთლიანად საქართველოში, ისე - აჭარაში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი