რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში უკეთესი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად, როგორ არის დაცული შშმ პირი ბავშვების უფლებები და რა გამოწვევების წინაშე არიან დღეს მათი ოჯახები, ამ და სხვა კითხვებზე ფაქტ-მეტრს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ უპასუხეს.

ნაწილი I, ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში ეს პროგრამა მოქმედებს და რა მიმართულებით მუშაობთ?

- ამერიკული ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი 2010 წლიდან მუშაობს სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების განვითარების მხარდაჭერის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით. გვაფინანსებს აშშ, გვყავს ამერიკელი ექსპერტები, მოსამართლეები, რომლებიც ეხმარებიან საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებს. ჩვენი პროგრამა მხარს უჭერს ინდივიდუალურ მოსამართლეებს, ხელს უწყობს მათ განათლებას, ჩვენი ფართო მხარდაჭერა აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ კოალიციას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის. ასევე გავცემთ გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, რეგიონებში მოქმედზეც, რათა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარება შესთავაზონ. ვაფინანსებთ უფასო იურიდიულ დახმარებას, სტრატეგიულ სამართალწარმოებას როგორც ჩვეულებრივ სასამართლოებში, ისე - საკონსტიტუციო სასამართლოში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში - სტრასბურგში და გაეროს ორგანოებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვების, ქალების, შშმ პირების უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერება. პარალელურად, ვთანამშრომლობთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ იურიდიული დახმარების სამსახურთან, რომელიც იცავს შშმ პირებისა და სხვა მოქალაქეების ინტერესებს.

- რაში გამოიხატება ეს თანამშრომლობა?

- მხარს ვუჭერთ თანამშრომლების მომზადება-გადამზადებაში, ვეხმარებით, რომ საქმიანობის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა შენარჩუნდეს. აღნიშნული სამსახურის გარდა, ვთანამშრომლობთ მოსამართლეებთან, სასამართლოსთან. პერიოდულად ვაცხადებთ მათთვის თემატურ ვიზიტებს, მთავარი მიზანია, მოსამართლეებს მივცეთ სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გამგზავრების შესაძლებლობა. ეს კონკურსის წესით ხდება. ცოტა ხნის წინ ბავშვთა უფლებების თემაზე გვქონდა გამოცხადებული კონკურსი. ჩვენ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მოსამართლეებთან ვმუშაობთ. სწორედ ისინი განიხილავენ ბავშვების, ქალების, შშმ პირების საქმეებს. მე, როგორც მოქალაქეს, სურვილი მაქვს, რომ მოსამართლეებმა, ადვოკატებმა უფრო ეფექტიანად ისარგებლონ ამით და განავითარონ საკუთარი პროფესიონალიზმი. პასიურობას არ ვუჩივი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ინტერესი მზარდი იქნება. ეს არის შესაძლებლობების მიცემა ქართველი პროფესიონალებისთვის, აშშ-სა და ევროპაში თვითონ ნახონ, როგორ შეიძლება ბავშვის, ქალის, შშმ პირის ისე გამოკითხვა სასამართლოში, რომ მისი უფლებები არ დავარღვიოთ. მაგალითად, თუ ის არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ან მსგავსი მძიმე შემთხვევის მონაწილე, როგორ გამოიკითხოს, რათა უკვე განცდილი ისევ არ განიცადოს. ესაა სამოსამართლო უნარ-ჩვევები. ჩვენ ბევრის სწავლა შეგვიძლია აშშ-სა და ევროპისგან ამ მიმართულებით.

- 2010 წლის მერე, სად ვართ, იგრძნობა პროგრესი?

- წინსვლა გვაქვს. 2010 წელს ოჯახურ ძალადობაზე საუბარი უხერხული იყო. ამაზე პარლამენტშიც კი ღლიცინებდნენ. ოჯახში ძალადობა, ბავშვებისა და ქალების მიმართ ძალადობა, შშმ პირთა უფლებების დაცვა კვლავ პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა დღეს ამ თემას სერიოზულად უდგებიან. გამოწვევები არის, მაგრამ სისტემური მიდგომაა და კანონმდებლობაც არსებობს, რომ ამას ვებრძოლოთ. თუმცა პრევენციის პრობლემა გვაქვს.

ჩვენმა პროგრამამ მხარი დაუჭირა სპეციალური კანონმდებლობის შექმნას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში. ჩვენი ექსპერტები ეხმარებოდნენ პარლამენტს, რათა მიგვეღო კანონმდებლობა, რომელიც იმუშავებდა. კარგია, რომ მივიღეთ. ის მუშაობს. არ არის უხარვეზო, საჭიროებს დახვეწას, მაგრამ არის პროგრესი. ასევე 2020 წელს ბავშვის უფლებების კოდექსი მივიღეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა უნდა გადამზადებულიყო და ეს სწრაფად ვერ მოხდებოდა. ჩვენ მას შემდეგ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. ყველასთვის, ვისაც შეხება ექნებოდა დაზარალებულთან, მათ შორის, შშმ ბავშვთან, არასრულწლოვნებთან, სპეციალური წესები დავადგინეთ, რომლებსაც სჭირდებოდა კარგად გააზრება და პრაქტიკაში დამკვიდრება. ეს არ არის მარტივი გზა. ჩვენ ჩამოგვყავს ხოლმე ამერიკელი მოსამართლეები, რომლებიც მუშაობენ სასამართლოებთან. გვყავდა ბათუმშიც, ახლა გვყავს ქუთაისში და ახალციხეშიც. მათ დიდი გამოცდილება აქვთ. წლების განმავლობაში მივხვდით, რომ ეს ძალიან ღირებული მხარდაჭერაა ჩვენი კოლეგებისთვის. დავიწყეთ გრძელვადიანი ვიზიტები, უცხოელი მოსამართლეები ორი-სამი თვით ჩამოდიან საქართველოში და დროს უთმობენ საკუთარ კოლეგებს. არც ერთ კონკრეტულ საქმეზე რჩევას არ აძლევენ, ეს წითელი ხაზია. ისინი ჩვენს მოსამართლეებს ურჩევენ, სისტემურად რა შეიძლება გაუმჯობესდეს. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს მოსამართლეებისა და იურისტების პროფესიონალიზმი გაზრდილიყო, ასევე კანონმდებლობის გაუმჯობესებას შევუწყვეთ ხელი, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების დაცვის მიმართულებით, თუმცა გვაქვს სერიოზული გამოწვევა კარგი კანონმდებლობის სამართლიანად აღსრულების. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს აშშ-ის შესაბამისი სამთავრობო უწყებების შეფასებაცაა. შესაძლებელია, კანონმდებლობა იყოს კარგი, მაგრამ ის არ სრულდებოდეს იმ მიზნების შესაბამისად, რომელთა მისაღწევადაც შეიქმნა. რა თქმა უნდა, კანონმდებლობა შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა მოსამართლეები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუმცა გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა. ცალკე დიდი თემაა, როცა შშმ პირებზე ვსაუბრობთ. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს მიმართავენ შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის სერვისების მისაწვდომობაზე, ფიზიკური ინფრასტრუქტურის მისაწვდომობაზე. ეს ნამდვილად პრობლემაა. გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოებს, რომ გარკვეულ ვადაში მოახდინონ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადაპტირება. თუმცა ხუთი წელი არ უნდა დასჭირდეს ლოდინი პირს, რომელსაც ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ახლა სჭირდება. ამ საკითხებზე მიმართვიანობა ნამდვილად არის.

- ამონიტორინგებთ, როგორ მუშაობენ თქვენი დაფინანსების მიმღები პარტნიორები რეგიონებში?

- ვერ ვიტყვი, რომ ყველგან ისე აქტიურად მუშაობენ, როგორც ეროვნულ დონეზე, მოცვა არ არის საკმარისი და უკეთესი იქნებოდა, რომ ადგილებზე მეტი ორგანიზაცია იყოს, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს ხარისხიან და ეფექტიან იურიდიულ დახმარებას გაუწევენ. ვერ ვიტყვი, რომ პირადად მე კმაყოფილი ვარ. თუმცა ყველა რეგიონს, დასახლებას ორგანიზაციები ვერ გაწვდებიან. აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან რეაგირება. ისინი არ უნდა დაელოდონ საჩივარს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და პროაქტიულად იმოქმედოს.

ნაწილი II, ინტერვიუ დავით სიმონიასთან

- რა პრინციპით მუშაობს თქვენი სამსახური?

- ჩვენ ვართ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისის მიწოდებას. მუნიციპალიტეტებში გვაქვს სულ ორმოცდაერთი საკონსულტაციო ცენტრი და თოთხმეტი იურიდიული დახმარების ბიურო. ვადგენთ სამოქმედო გეგმებს, მანამდე ვხვდებით იმ ბენეფიციარებს, რომელთა მიმართებითაც დგება ეს გეგმები. ამ პროცესში ჩვენ გვეხმარებიან საერთაშორისო დონორები.

- შშმ პირის სტატუსის მქონე ბავშვების უფლებების დარღვევაზე თუ მოგმართავენ და ძირითადად, რა სახის დარღვევებზეა საუბარი?

- გვყავს კონკრეტული ბენეფიციარები, რომლებიც შშმ პირებისა და არასრულწლოვნების მოწყვლად ჯგუფებს აერთიანებენ, ანუ შშმ პირებიც არიან და არასრულწლოვნებიც. მათი უფლებების დაცვის დროს კომპლექსური მიდგომაა საჭირო ყველა იმ უწყების მხრიდან, რომლებსაც ამ ტიპის ბენეფიციარებთან აქვთ შეხება. რადგან ჩვენი სამსახური მათ ადვოკატირებას ახორციელებს, შეიძლება, სხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად მუნიციპალიტეტები, სამინისტროები და ა. შ., მოწინააღმდეგე მხარედ გამოვიდეთ. შესაბამისად, ჩვენ გვესაჭიროება უფრო მეტი პრაქტიკის ცოდნა, რა კონკრეტული პრობლემა ახასიათებს კონკრეტულ რეგიონს. ასეთი შეხვედრები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

- რას ასახელებენ ხოლმე შშმ პირი ბავშვების მშობლები მთავარ პრობლემად?

- მაგალითად, ადაპტირებული სკოლები და ინფორმაციის ნაკლებობა. თურმე არსებობს კონკრეტული სკოლა-პანსიონი ქუთაისში და პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბათუმიდან ქუთაისში ბავშვების ტრანსპორტირება ხდება. არის ისეთი საკითხები, რომლებიც ჩვენი ადვოკატის ჩართულობას მოითხოვს. კერძოდ, როცა კანონი ავალდებულებს სკოლას ან მუნიციპალიტეტს, გარკვეული რაოდენობის სკოლების ადაპტირება მოახდინოს. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, ამ პრობლემების გადაჭრის მიმართ რა ხედვა აქვთ სახელმწიფო უწყებებს, ორგანოებს. თუმცა ჩვენამდე, უმეტესად, პრობლემა მოაქვთ ბენეფიციარებს. ამ დროს მე უნდა ვიცოდე, როგორია ადგილზე მიდგომა იმ კონკრეტულ საკითხის მიმართ, წარმოდგენა მქონდეს ზოგად ვითარებაზე. დღეს, მაგალითად, გავიგე, რომ ბათუმში არის იმ პედაგოგების ნაკლებობა, რომლებმაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს უნდა ასწავლონ.

- ვთქვათ, მოგმართათ შშმ ბავშვის მშობელმა, რომელიც ამბობს, რომ მის შვილს არ მიუწვდება ხელი განათლებაზე, რადგან სკოლა არ არის ადაპტირებული, შორს კი ბავშვის ტრანსპორტირება გამართლებული არაა. თქვენ ჩაერთეთ, სასამართლომ დაავალა, რომ ადაპტირდეს, მაგრამ მეორე მხარეს არ აქვს ფინანსური რესურსი...

- თავდაპირველად, საქმის წარმოება იწყება ადმინისტრაციული წესით. პირველ ეტაპზე, ვცდილობთ, რომ მედიაციით მოგვარდეს. ასეთი პრაქტიკა გვქონდა, მათ შორის, ხულოში, როცა ორ მოსწავლეს უნდოდა ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული, ადგილზე კი ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. საჭირო იყო მათი ბათუმში ტრანსპორტირება. სხვათა შორის, თვითონ მასწავლებელმა მოგვმართა დახმარების თხოვნით. დავიწყეთ მოლაპარაკება. არ გახდა საჭირო სასამართლოს ჩარევა, საკითხი მედიაციით მოგვარდა. თუმცა, თუ არ მოგვარდებოდა, სასამართლოს მივმართავდით და ის დაავალდებულებდა მერიას, რომ შესაბამისი რესურსი მოეძებნა და ბავშვების ტრანსპორტირების საკითხი მოეგვარებინა.

- ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებსაც განათლების მიღება, განვითარება ახლა სჭირდებათ. როცა პროცესი იწელება, მერია ან სხვა რომელიმე ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, ბავშვი კარგავს ძვირფას დროს. რა გამოსავალი გვაქვს ასეთ შემთხვევაში?

- შესაძლოა, მხარეს დაეკისრა რაღაც ვალდებულება, თუმცა ფიზიკურად არ შეუძლია. ვთქვათ, ფინანსური შესაძლებლობები არ ყოფნის. თუ ბავშვის განათლების ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო ვალდებულია, ალტერნატიული საშუალება შესთავაზოს. მაგალითად, ტრანსპორტირება სხვა ქალაქში, რაც ზემოთ ვახსენეთ, ბათუმიდან მიჰყავთ ქუთაისში, პარასკევს ბავშვები მოჰყავთ სახლში.

- შშმ ბავშვებს განათლებასა და სხვა სერვისებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ახლოს, მათთვის ტრანსპორტირება ამხელა გზაზე დამატებითი სტრესი და პრობლემაა. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა ხომ არ იწვევს სეგრეგაციის საფრთხეს, როცა მათ უნდათ, თავიანთ თანატოლებთან ისწავლონ და არა სადღაც განცალკევებულად?

- ეს არ არის ერთადერთი გზა, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია, ერთ-ერთი ალტერნატიული გამოსავალია. რადგან ბათუმში არ არის ამ ტიპის სკოლა, მოხდეს ბავშვის ტრანსპორტირება. თუმცა ეს მშობლის გადასაწყვეტია. ჩემი სამსახური ვალდებულია, დაიცვას მათი უფლებები. ორგანო, რომელიც არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოახდინოს შენობების ადაპტირება, ამას უნდა აკეთებდეს. სახელმწიფო ვალდებულია, მაქსიმალურად მოახდინოს მის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურის ადაპტირება. ჩვენ მიგვიმართავს სასამართლოსთვის სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგაც. სასამართლო არის ერთგვარი ბერკეტი, რომ, მაგალითად, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯი გაითვალისწინოს.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი