გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით, დეზინფორმაციას ავრცელებს. სტატიაში, რომელიც ტელეგრამ-არხს „Юрий Баранчик“-ის პოსტს ეყრდნობა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ წერია, რომ ის 2030 წლისთვის მოდის გაქრობას აპირებს, „ყველა ადამიანი დაიწყებს უნიფორმის ტარებას“ და ყველა გახდება ვეგანი. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა შესაძლებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებით, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“.

აღსანიშნავია, რომ Юрий Баранчик-ის ტელეგრამ პოსტი მთლიანად ეყრდნობა კონსპირაციულ ვებ-გვერდის „INFOWARS” სტატიას, სახელწოდებით: „2030 წლისთვის ხორცს არ მიირთმევთ და წელიწადში მხოლოდ სამი ახალი ტანსაცმლის შეძენის უფლება გექნებათ, ნათქვამია მოხსენებაში“. „INFOWARS“-ის სტატიები აქამდეც არაერთხელ გამხდარა, მათ შორის, WEF-ის შესახებ დეზინფორმაციული გზავნილების წყარო, რომელიც შემდგომ ქართულ სოციალურ მედია სივრცეშიც მოხვდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2).

რეალურად, გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორი ინტერპრეტაციებით არის გამოყენებული C40 Cities მოხსენება („ურბანული მოხმარების მომავალი 1.5°C მსოფლიოში“), რომელიც საერთოდ არ უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. ანგარიშის დამფინანსებელ, ან მონაწილე ორგანიზაციებს შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთოდ არ არის ნახსენები. აღნიშნული ანგარიში ინიციატივას წარმოადგენს და არა გაწერილ გეგმას. გარდა ამისა, ამ ანგარიშში ტანსაცმელთან მიმართებით საერთოდ არ იძებნება სიტყვა „უნიფორმა“. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ ტანსაცმლისა და ტექსტილის ნარჩენები ხელს უწყობს გარემოს დაბინძურებას და თუ ადამიანები შეამცირებენ ყოველწლიურად ნაყიდი ტანსაცმლის რაოდენობას, გარემოს დაბინძურების ხარისხი შემცირდებოდა..

AP-სთან გაგზავნილ ელფოსტაში WEF-ის სპიკერი იან ზოპფი ადასტურებს, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მოდის გაუქმებისკენ არ მოუწოდებია - .„ეს არის ცრუ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აკეთებს, სერიოზულ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით“. რაც შეეხება მტკიცებას, რომ „ყველა გახდება ვეგანი“, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მსგავსი ინიციატივა არ აქვს. ზემოთ აღნიშნული სტატიები ისევ C40 Cities-ის მოხსენებას ეყრდნობა. აღნიშნული მოხსენება კვებასთან დაკავშირებით „საკვების მოხმარების ინტერვენციის“ 5 ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, მათ შორის, 2030 წლისთვის ამბიციურ მიზნად ხორცის მოხმარების ნულამდე შემცირებას, ხოლო პროგრესულ მიზნად ერთ ადამიანზე ერთ წელიწადში ხორცის მოხმარების 16 კილოგრამამდე შემცირებას ისახავს. თუმცა C40 Cities-ის მოხსენება WEF-ის არ ეკუთვნის და შესაბამისად, მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2030 წლისთვის ყველას ვეგანად გახდომას ისახავს მიზნად, რეალობას არ შეესაბამება.

შესაბამისად, მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2030 წლისთვის მოდის აკრძალვას, საერთო უნიფორმის შემოღებას და ასევე ხორცის აკრძალვას გეგმავს, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი