10 აგვისტოს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა ნინო კვარაცხელიამ გუბაზ სანიკიძის სახელით გაყალბებული ციტატა გაავრცელა. პოსტის მტკიცებით, გუბაზ სანიკიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: „სააკაშვილის დაჭერამ მსოფლიო არია. აქეთ რუსები გათამამდნენ, იქით ჩინეთმა გამოაჩინა კლანჭები“.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებელ ნინო კვარაცხელიას დეზინფორმაციის შემცველი ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია (ბმული 1, 2).

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც „ფაქტ-მეტრთან“ სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ აღნიშნული ფრაზა მას არ ეკუთვნის. ასევე აღსანიშნავია, რომ ციტატა ინტერნეტ წყაროებში არ იძებნება.

დამატებით, ფოტო, რომელზეც ყალბი ციტატაა დატანილი „TV პირველის“ 2021 წლის 29 სექტემბრის გადაცემა „დღის ამბებიდან“ არის აღებული. გადაცემაში საუბარი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას შეეხებოდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ 2021 წლის 1 ოქტომბერს განაცხადა, როცა ბათუმიდან ვიდეოები გამოაქვეყნა. სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერსვე დააკავეს, შესაბამისად, 29 სექტემბერს ჩაწერილ გადაცემაში გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე და მის შედეგებზე, ვერ ისაუბრებდა.

აღსანიშნავია, რომ გუბაზ სანიკიძის ჩინეთის ან მიხეილს სააკაშვილის პატიმრობის შესახებ საუბრისას, მსგავსი შინაარსის კომენტარი სხვა გადაცემებშიც არ იძებნება. 2023 წლის 6 ივლისს „TV პირველის“ ეთერში სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ მან განაცხადა: „სწორი იქნება სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და უკრაინაში გაშვება. ბევრი არგუმენტაცია აქვს ოცნებას რატომ ჰყავს დაჭერილი - თავის ბირთვული ამომრჩევლისთვის, იგივე პუტინისთვის. ქოცები არ მალავენ, რომ მიშა სააკაშვილი რომ გაუშვან, შეიძლება რუსებმა ომი დაიწყონ, აქედან დასკვნა, რომ რუსების მონები არიან, ანუ რუსები, რასაც უკარნახებენ, ის უნდა გააკეთონ“.

ხოლო ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩინეთზე მსჯელობისას, 2023 წლის 31 ივლისს ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა, სადაც აღნიშნული განცხადება ასევე არ ფიქსირდება.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია და მას გუბაზ სანიკიძეს მცდარად მიაწერენ.

აღსანიშნავია, რომ გუბაზ სანიკიძის შესახებ სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება. იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1, 2, 3, 4, 5, 6.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი