Facebook-ანგარიში 𝘾𝙖𝙧𝙚𝙛𝙤𝙪𝙧𝙧_𝙁𝙖𝙣,𝙨 კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის სახელით დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტში, რომელსაც თითქოს კომპანიის ახალი ფილიალის გახსნის კადრები ახლავს თან, ვკითხულობთ, რომ „კარფურის“ დაბადების დღის აღსანიშნავად მომხმარებლებს 750 სპეციალური ჩანთა, საყიდლების ვაუჩერი და სამსუნგის სმარტფონები გადაეცემათ. პოსტს Facebook-ზე 1500-ზე მეტი კომენტარი და 3000-ზე მეტი გაზიარება აქვს. მსგავსი შინაარსის თაღლითური პოსტები „კარფურის“ სახელით ვირუსულად გავრცელდა სხვა Facebook-ანგარიშების მიერაც. აღნიშნული ანგარიში კომენტარების ველში მომხმარებლებს პირადი შეტყობინებების შემოწმებისკენ მოუწოდებს.

სინამდვილეში, აღნიშნული პოსტი კომპანია „კარფურს“ არ ეკუთვნის, გათამაშების შესახებ ინფორმაცია ყალბია და სავარაუდოდ, მორიგ თაღლითურ სქემას წარმოადგენს. „Carrefour Georgia“ უკვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და მისი ნამდვილობა უარყო: „ძვირფასო მომხმარებლებო, შევიტყვეთ, რომ Facebook-ზე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით „Carrefour_ Fans", რომელიც ავრცელებს ინფორმაციას ცრუ პრიზებისა და გათამაშების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან. კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდსა და აპლიკაციაში. ‼️გთხოვთ საეჭვო სახის პოსტებმა და შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ მიყვეთ მათ ინსტრუქციას“,- ვკითხულობთ „Carrefour Georgia-ს“ ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში 𝘾𝙖𝙧𝙚𝙛𝙤𝙪𝙧𝙧_𝙁𝙖𝙣,𝙨 დღეს შეიქმნა და მას 435 გამომწერი ჰყავს. ხოლო ფოტოები, რომლებიც გავრცელებულ პოსტს ახლავს თან, კომპანიის დაბადების დღეს არ უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი 2021 წელს „კარფურის“ ახალი ფილიალის გახსნაზეა გადაღებული. კიდევ ერთი ფოტოსურათი, სადაც ადამიანებს თითქოს „კარფურის“ ლოგოს პლაკატები უჭირავთ, გაყალბებულია. ფოტოს ორიგინალი ვერსია ირლანდიურ ბრენდ „Primark”-ს ეკუთვნის და 2020 წელს კომპანიის მიერ დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურისთვის გაკეთებულ დონაციას ასახავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის იდენტური პოსტი ამავე ფოტოებით „კარფურის“ სახელით 2022 წელსაც გავრცელდა. პოსტს ისევ მსგავსი სახელწოდების ანგარიში Carrefour_ FANS ავრცელებდა. Facebook-ზე ასეთი სახელწოდების უამრავი ანგარიში იძებნება და ისინი სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი.

ამდენად, სავაჭრო ქსელ „კარფურის“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნული პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5435 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი