სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3) მორიგ ყალბ ციტატებს ავრცელებს (ბმული 1; ბმული 2). დეზინფორმაციის სამიზნე ამჯერად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიევის მერი არიან. ნონა შარაბიძე დმიტრო კულებას შემდეგ ციტატას მიაწერს: „დმიტრო კულებამ მოითხოვა, რომ აფრიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ევროპული და ამერიკული მედიის ყურადღების გადატანა )უკრაინიდან. მრავალი თვის განმავლობაში უკრაინა წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების, ტელეარხებისა და გაზეთების პირველ გვერდებზე იყო, მაგრამ აფრიკის ქვეყნებში ახლა მიმდინარე ქმედებების გამო, უკრაინის დღის წესრიგი უკანა პლანზე გადავიდა“. შარაბიძე გამოგონილ ციტატას მიაწერს ვიტალი კლიჩკოსაც: „თუ კიევი გარშემორტყმულია, მაშინ კიევი მრგვალია!“. რეალურად, აღნიშნული ციტატები ყალბია, არც კლიჩკოსა და არც კულებას მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ დმიტრო კულებას ციტატა მხოლოდ რუსულ ტელეგრამ არხზე იძებნება. ამავდროულად, ნონა შარაბიძის პოსტს არ ახლავს წყარო, რაც ინფორმაციის ნამდვილობაში დაგვარწმუნებდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 2023 წლის ივლისის ბოლოს მესამედ ეწვია აფრიკის კონტინენტს გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესების ფონზე, კერძოდ, რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შემდეგ.

23-24 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეკვატორულ გვინეაში ჩავიდა. ვიზიტი ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველი იყო, რასაც კულება Twitter-ზეც გამოეხმაურა:

2022 წლის იანვარში უკრაინამ აფრიკის სტრატეგია დაამტკიცა. „აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება რუსული აგრესიის ფონზე აძლიერებს უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ კოალიციას და უქმნის ახალ შესაძლებლობებს უკრაინელი ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის. დმიტრო კულებას მესამე აფრიკული ტური არის აფრიკის სტრატეგიისა და უკრაინა-აფრიკული ურთიერთობების აღორძინების გაგრძელება“- ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

დმიტრო კულებამ აფრიკის დღესთან დაკავშირებით 2023 წლის 25 მაისს მიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინისა და აფრიკის ურთიერთობების ახალ ეპოქაზე ისაუბრა. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აფრიკული ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ფართო წარმომადგენლობის უნდა გახდეს: „ჩვენ მოვითხოვთ უფრო წარმომადგენლობითი და დემოკრატიული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას, რომელშიც აფრიკა, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა რეგიონი, იქნება წარმოდგენილი. უკრაინა ასევე მხარს უჭერს აფრიკის კავშირს, რომ ის G20-ის მუდმივი წევრი გახდეს. ეს არის ის, რასაც ვგულისხმობ ურთიერთპატივისცემაში, ორმხრივ ინტერესებში და ორმხრივ სარგებელში. ერთად თანამშრომლობითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მივაღწევთ. ერთმანეთზე თანასწორად და პატივისცემით საუბრით შეგვიძლია უკეთ გავუგოთ ერთმანეთს“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, აფრიკის ქვეყნები ყურადღების ცენტრში გასულ თვეს ნიგერში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოექცა, პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი სამხედრო აჯანყებულმა იძულებით გადააყენეს. ქვეყანა უკვე რამდენიმე კვირაა, პოლიტიკურ ქაოსშია.

რაც შეეხება ვიტალი კლიჩკოს ციტატას, პოსტს თან არ ახლავს წყარო, რაც მის ნამდვილობაში დაგვარწმუნებდა. არც ის არის მითითებული, თუ სად ან როდის გააკეთა კლიჩკომ ეს განცხადება. განცხადება არც ქართულ, რუსულ და სხვა უცხოურ მედიასა და ღია წყაროებში იძებნება. ამდენად, ციტატა გამოგონილია. იდენტური ფოტო რუსულ ქლიქბეიტ გვერდებზე, vk.com-სა და ok.ru-ზე იძებნება.

ამდენად, ნონა შარაბიძის მიერ გავრცელებული დმიტრო კულებასა და ვიტალი კლიჩკოს ციტატები ყალბია. მათ მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5435 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი