ფეისბუქზე ქართულენოვანი ანგარიშები ავრცელებენ ვიდეოს, რომლის თანახმადაც „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული ბავშვები გალიებში გამოკეტეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელზე ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სხვადასხვა პლატფორმაზე და ქვეყანაში.

რეალურად, ვიდეოს შინაარსთან დაკავშირებით ზუსტი მტკიცებულებები არ არსებობს.

როგორც ისრაელის ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „FakeReporter“ X-ის (ყოფილი Twitter) პოსტში აღნიშნავს, ვიდეოს მიმდინარე ომთან კავშირი არ აქვს: „ვიდეო, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ღაზაში გატაცებულ ბავშვებს აჩვენებს, სადაც ისინი გალიაში ჰყავთ ჩასმული, ყალბია. ისინი არ არიან ისრაელიდან გატაცებული ბავშვები, ხოლო ვიდეო ოთხი დღის წინ - მიმდინარე ომამდე გამოქვეყნდა“, - ნათქვამია პოსტში.

-ფოტო „FakeReporter”-ის X-დან

ორიგინალი ვიდეო TikTok-ზე აღარ იძებნება, ამიტომ რთულია ზუსტი კონტექსტის დადგენა. ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა აშშ-შიც და მას ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Check your Fact-იც გამოეხმაურა. როგორც ირკვევა, ვერც მათ მიაკვლიეს ვიდეოს პირველწყაროს. ამერიკელმა ფაქტების გადამმოწმებლებმა აღნიშნეს ისიც, რომ AlArabyTV-ის ჟურნალისტის თანახმად, ტიკტოკ ანგარიში, რომელმაც ვიდეო თავდაპირველად გამოაქვეყნა, პლატფორმაზე მსგავსი კონტენტის გავრცელების გამო დაიბლოკა.

გავრცელებული ვიდეოს წარმომავლობა შეისწავლა ესპანურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Maldita-მაც. გამოცემა არაბული ენის სპეციალისტს, მადო ტარაფს დაუკავშირდა, რომელიც არაბული აკადემიის დირექტორი და პროფესორია. მისი თქმით, პიროვნება სპარსეთის ყურის ქვეყნების არეალისთვის დამახასიათებელ „ხალეჯის“ დიალექტს იყენებს. მისივე თარგმანის მიხედვით, პიროვნება ბავშვებს ეუბნება რომ ცუდად მოიქცნენ და იცინის.

ზოგიერთმა ანგარიშმა X-ზე საპირისპირო ინფორმაციაც გაავრცელა, მტკიცებით, რომ ვიდეოში ისრაელის მიერ მძევლად აყვანილი პალესტინელი ბავშვები იყვნენ. ამ მტკიცებასაც თან ვიდეო ერთოდა, თუმცა ამჟამად ის ხელმისაწვდომი აღარაა. ამიტომ რთულია დადგენა, აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებები ერთსა და იმავე ვიდეოზე გავრცელდა, თუ - არა. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში იდენტური მტკიცებით, რომ ისრაელმა პალესტინელი ბავშვები გამოკეტა გალიებში, ადრეც გავრცელდა, თუმცა ეს უკანასკნელიც დეზინფორმაცია აღმოჩნდა.

11 ოქტომბერს, ინფორმაცია პალესტინურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „Kashif”-მაც გადაამოწმა, სადაც ვირუსული ვიდეოს შესახებ განახლებული ცნობები მოხვდა. მათი ინფორმაციით, პირველი, ვინც ვიდეო გამოაქვეყნა, იყო ანგარიში Tiktok - ის მომხმარებლის სახელით „user6903068251281“. ანგარიში მაშინ გაუქმდა, როდესაც ვიდეო ვირუსული გახდა. აღსანიშნავია, რომ ესპანურენოვანი Maldita-ს მიერ მოპოვებულ ფოტოანაბეჭდებშიც ორიგინალი ვიდეოს გამომქვეყნებლად (იხ. ქვემოთ) იგივე ანგარიში ჩანს.

პალესტინური „Kashif“-ის თანახმად, ვიდეოს ავტორი TikTok ანგარიში პლატფორმაზე 2023 წლის 11 ოქტომბერს ახალი ვიდეოთი კვლავ გამოჩნდა, სადაც მან ბავშვების მონაწილეობით გამოქვეყნებულ სურათზე ისაუბრა. როგორც მის ტიკტოკ ვიდეოში ვისმენთ, ახალგაზრდა მამაკაცი ღაზას სექტორიდანაა და ვიდეოში ნაჩვენები ბავშვები მისი ნათესავები არიან და არა ისრაელელიდან გატაცებულები. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ გავრცელებული ვიდეო 7 ოქტომბრამდე, ჰამასის თავდასხმამდე, სამი დღით ადრე ჩაწერა.

ასევე, 11 ოქტომბერს გაირკვა, რომ ორიგინალ ვიდეოს ხმად TikTok-ის ერთ-ერთი აუდიო ტრენდი ადევს. Maldita-ს ინფორმაციით, TikTok ვიდეოში გამოყენებული აუდიო სხვა ანგარიშის მიერ შეიქმნა და პლატფორმაზე მინიმუმ 2023 წლის ივლისიდან არსებობს.

ის, რომ აღნიშნული TikTok ანგარიშები ერთი და იგივეა, რამდენიმე დეტალით შეგვიძლია დავადასტუროთ. როგორც ორიგინალ ვიდეოს ანაბეჭდზე, ასევე, ახალი ვიდეოს ავტორია ანგარიში ნომრით @user6903068251281. ასევე, ორივე შემთხვევაში იდენტურია ანგარიშის პროფილის ფოტო.

ორიგინალი ვიდეოს ფოტოანაბეჭდი, წყარო Maldita:

თავდაპირველად გავრცელებული ვიდეოს ფოტოანაბეჭდი, სადაც TikTok ანგარიშის პროფილის ფოტო ჩანს:

TikTok-ანგარიშის აღდგენის შემდგომ გავრცელებული ვიდეოს ფოტოანაბეჭდი (იგივე პროფილის ფოტო):

ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. „ჰამასმა“ ათობით მძევალი აიყვანა, მათ შორის არიან ბავშვები, ქალები, სამხედროები.

ამგვარად, მტკიცება, რომ აღნიშნულ ვიდეოში ნაჩვენებია „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელიდან გატაცებული ბავშვები, მტკიცებულებების გარეშეა.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია 2023 წლის 12 ოქტომბერს განახლდა. მას დაემატა ინფორმაცია ვიდეოს პირველწყაროს შესახებ და თავად ვიდეოს ავტორის განმარტებები ვირუსულად გავრცელებული კადრების გამოქვეყნების დროისა და კონტექსტის შესახებ. განახლებული ინფორმაციის საფუძველზე, „ფაქტ-მეტრმა“ შეცვალა სტატიის თავდაპირველი ვერდიქტი („ვერდიქტის გარეშე“). განახლებების გათვალისწინებით, გავრცელებული ინფორმაცია „ყალბ ამბად“ ფასდება, რადგან როგორც ისრაელის, ისე პალესტინური დამოუკიდებელი გამოცემები ადასტურებენ, რომ ვიდეო ჰამასის თავდასხმამდეა გადაღებული და მასზე ნაჩვენები ბავშვები ისრაელიდან არ არიან.

---------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი