სოციალურ ქსელში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა პალესტინას ყველა პროექტის დაფინანსება შეუწყვიტა.

კომენტარების სექციაში როგორც პოსტის ავტორი, ისე Facebook-ის სხვა მომხმარებლები აქცენტს გენოციდზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეს ქმედება პალესტინელების მიმართ ღია გენოციდის მცდელობაა.

სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ევროკავშირის წარმომადგენელმა პალესტინისთვის განვითარების დახმარების შეჩერება მართლაც გამოაცხადა. მოგვიანებით, გაერთიანებამ ეს გადაწყვეტილება უარყო.

ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ პლატფორმა X-ზე 9 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან „ჰამასის“ ქმედებები დაგმო. განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისა და ძალადობის მასშტაბი გარდამტეხი მომენტია და რომ ევროკომისია, როგორც პალესტინელი ხალხის უმსხვილესი დონორი მისი განვითარების პორტფოლიოს, რომლის ღირებულება 691 მილიონი ევროა, განხილვის ქვეშ დააყენებს. ამავე განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ყველა გადარიცხვა დაუყოვნებლივ შეჩერებულია.

თუმცა განცხადებას წინააღმდეგობა ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი ქვეყნებისგან მოჰყვა, ირლანდიამ და ლუქსემბურგმა ოლივერ ვარჰეის განცხადება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიხედვით „არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ინდივიდუალური კომისრის მიერ მსგავსი სახის ცალმხრივი გადაწყვეტილების მისაღებად და ჩვენ არ ველით დახმარების შეჩერებას“. ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების შესახებ ბელგიის წარმომადგენელმაც განაცხადა.

კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა 9 ოქტომბერსვე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება საჭიროებების მქონე პალესტინელებისთვის გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება დგას.

ოლივერ ვარჰეის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ისევ 9 ოქტომბერს, ევროკომისიის ვებგვერდზე ოფიციალური განცხადებაც გამოქვეყნდა. მასში აღნიშნული იყო, რომ კომისია „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად ევროკავშირის პალესტინის დახმარების სასწრაფო გადახედვას იწყებდა, რაც მიზნად ისახავდა იმის გარანტირებას, რომ ევროკავშირის დაფინანსება ტერორისტულ ორგანიზაციებს ირიბად ისრაელზე თავდასხმის საშუალებას არ აძლევდა. ამასთანავე, გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს გადახედვა ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების (ECHO) ფარგლებში პალესტინელებისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას არ ეხება და რომ გადახდების შეჩერება არ მოხდება.

ევროკომისიის მიერ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ოლივერ ვარჰეის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე კომენტარი უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმაც გააკეთა. მან ევროკომისიის პრესრელიზი მოიხმო და განაცხადა, რომ კომისიის მიერ პალესტინელებისთვის გაწეული დახმარების გადახედვის გამოცხადება პალესტინელებისთვის განკუთვნილი დახმარებას არ შეაჩერებს. მანვე პალესტინელებისთვის გადახდების შეჩერება ყველა პალესტინელის დასჯად შეაფასა. ჯოზეფ ბორელმა ისიც განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების დიდი უმრავლესობა მხარდაჭერის გაგრძელების მომხრეა.

ამდენად, მართალია ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 9 ოქტომბერს გადახდების შეჩერების შესახებ მართლაც განაცხადა, თუმცა ამავე დღესვე ევროკომისიამ, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა და უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ეს გადაწყვეტილება უარყვეს. აქედან გამომდინარე, Facebook-მომხმარებლის მიერ 10 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება, რომ ევროკავშირმა პალესტინას დახმარება შეუჩერა, შეცდომაში შემყვანია, რადგან როგორც პალესტინისთვის გადახდების შეჩერების შესახებ განცხადება, ისე მისი ოფიციალური უარყოფა 9 ოქტომბერსვე მოხდა.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი