სოციალურ ქსელში Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ამჯერად ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი კომენტარით: „ბაიდენს ებრაელობა მოუნდა: ცრუპენტელა ბაიდენი აცხადებს, რომ "ისრაელშია დაბადებული" - თუ ეს ასეა, სლიპი ჯოს არ აქვს უფლება იყოს აშშ-ს პრეზიდენტი!.. ცნობისათვის - ბაიდენის დაბადების ადგილად პენსილვანია ითვლება!..“. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია. ჯო ბაიდენს არ უთქვამს, რომ ისრაელშია დაბადებული.

ჯო ბაიდენი ისრაელში 2023 წლის 18 ოქტომბერს ჩავიდა. გავრცელებული ვიდეო მის მიერ თელ-ავივში გაკეთებული განცხადებიდანაა ამოჭრილი.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც პრეზიდენტის ყველა გამოსვლის ტრანსკრიპტია გამოქვეყნებული, მარტივად დასადგენია, რეალურად, რა თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. (ვიდეოში ეს კონკრეტული მონაკვეთი 5:15 წუთიდან იწყება)

სინამდვილეში, ტექსტი შემდეგია: „The State of Israel was born to be a safe place for the Jewish people of the world. That’s why it was born. I have long said: If Israel didn’t exist, we would have to invent it.“ – „ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა იმისათვის, რომ მთელი მსოფლიოს ებრაელი ხალხისთვის უსაფრთხო ადგილი ყოფილიყო. ამიტომაც დაიბადა/შეიქმნა ის. დიდი ხნის წინ ვთქვი: ისრაელი რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება მოგვიწევდა“.

Facebook-ანგარიშმა, როგორც ჩანს, წინადადება: That’s why it was born (ამიტომაც დაიბადა/შეიქმნა ის), თარგმნა ისე, თითქოს ბაიდენმა საკუთარ თავზე თქვა, რომ ისრაელშია დაბადებული. როგორც თავადაც ახსენებს პოსტში, ჯო ბაიდენის დაბადების ადგილი ნამდვილად პენსილვანიაა.

ამგვარად, მტკიცება, თითქოს ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელში დაიბადა, ყალბია. ქართულენოვანმა ანგარიშებმა ვიდეო ყალბი თარგმანით გაავრცელეს.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი