სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1;2;3) ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი კომენტარით: „გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა ამოიღო ქვა და აუხსნა მსოფლიო აუდიტორიას, თუ რატომ კლავენ ათასობით პალესტინელ სამოქალაქო პირს: „გსურთ იცოდეთ, რატომ ვბომბავთ და ვხოცავთ პალესტინელ ქალებსა და ბავშვებს? ცხადია ქვის გამო, რომელსაც ყოველდღე გვიყრიან. თქვენ, ჩვენს ადგილას რომ იყოთ, Რას გააკეთებდით?". სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ვიდეო ნამდვილად გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის გამოსვლის კადრებს ასახავს. ერდანმა ქვა დემონსტრაციულად მართლაც აჩვენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, თუმცა საქმე ისაა, რომ ეს არა ახლახან, არამედ ისრაელ-ჰამასის მიმდინარე კონფლიქტამდე ბევრად ადრე, 2022 წლის 19 იანვარს მოხდა. ის რომ ვიდეო ძველია, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ვიდეოში ისრაელის ელჩს ნიღაბი უკეთია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში Covid-პანდემია დასრულებულად გამოაცხადა, შესაბამისად, გაეროს სხდომათა დარბაზში ნიღბებს აღარ ატარებენ.

გარდა თარიღისა, დამახინჯებულია ისრაელის ელჩის გამოსვლის ტექსტიც. მან კოლეგებს ქვა ნამდვილად აჩვენა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ისრაელის არმია ამის გამო ღაზაში ქალებსა და ბავშვებს კლავდა.

სინამდვილეში, იგი პალესტინელების მხრიდან ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმების შესახებ საუბრობდა, კერძოდ, როგორც ელჩი უწოდებს „ტერორისტული აქტი ქვებით“.

„ტერორისტული აქტები ქვებით“ - ასეთებით [ქვას აჩვენებს], რომელსაც ესვრიან ისრაელელების მანქანებს, ავტობუსებს. მათ [ქვებს] ესვრიან ისრაელელ კაცებს, ქალებს, ბავშვებს - ყოველ დღე. მხოლოდ 2021 წელს პალესტინელი ტერორისტების მხრიდან ისრაელელების წინააღმდეგ 1775 ქვით თავდასხმა განხორციელდა. მაგრამ მსოფლიო არაფერს ამბობს. საბჭოს წევრებო, მიიჩნევთ, თუ - არა ტერორისტულ თავდასხმად, თუ ასეთ ქვას თქვენს მანქანას ესვრიან, მაშინ როცა მას თქვენს შვილებთან ერთად მართავთ? სწორედ ესაა თავდასხმა, რომელმაც 4 წლის ადელ ბიტონის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ სხვების. პატივცემულო დელეგატებო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, დაგმობდით, თუ - არა პალესტინელების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ასეთ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს?", - ამბობს ისრაელის ელჩი ვიდეოში.

ამგვარად, Facebook-ანგარიშმა გაეროში ისრაელის ელჩის გამოსვლის ტექსტი დაამახინჯა და მისი ნათქვამი არასწორი კონტექსტით გაავრცელა.

-----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი