ირაკლი კუპრაძე: რუსეთის მოქალაქეს შეუძლია 365 დღით შემოვიდეს ქვეყანაში, შემდეგ 15 წთ-ით დატოვოს ქვეყანა და უკან დაბრუნდეს

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი კუპრაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

2023 წლის 23 ნოემბერს „TV პირველის“ ეთერში მიწვეული იყო პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, ირაკლი კუპრაძე. მან სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების „უკონტროლო შემოდინებაზე“ ისაუბრა. „რა არის სავიზო რეჟიმი, 365 დღით როცა შეუძლია რუსეთის მოქალაქეს შემოვიდეს ქვეყანაში, შემდეგ 15 წთ-ით გადალახოს სარფის საბაჟო, მაგალითად გადმოვიდეს უკან და ისევ 365 დღე ანუ, 50 წელი ისე შეიძლება იცხოვროს ამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქემ, რომ სულ რაღაც დახარჯოს 10-15 საათი გადასვლა-გადმოსვლაში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კუპრაძის განცხადება გადაამოწმა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ არეგულირებს. ამ კანონის მე-10 მუხლი უცხოელებისთვის საქართველოს სავიზო ვალდებულებებისგან გათავისუფლებას შეეხება. კანონისთავდაპირველი ვერსიის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უცხოელი შესაძლებელია გათავისუფლდეს საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე“. მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ იმ 180-დღიან პერიოდში, რომელიც აითვლება საქართველოში მისი პირველად შემოსვლის დღიდან, ხოლო, მე-3 პუნქტის მიხედვით „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით“.

2015 წლის 8 მაისს ამ კანონისმე-10 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალა და ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა: „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და საქართველოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადით − სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“.

2015 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღოდადგენილება №255, რომელიც აზუსტებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს. ის ადგენს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ. კერძოდ, უვიზოდ მიმოსვლა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობებით მიმოსვლას გულისხმობს. გამოდის, რომ დადგენილება255-ში ჩამოთვლილ სახელმწიფოთა მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა. ამ ბრძანებაში 94 სახელმწიფოა ჩამოთვლილი, მათ შორისაა, რუსეთის ფედერაციაც.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ლიმიტს, ანუ გამორიცხავს 180-დღიან პერიოდში 90 დღეზე მეტი ხნით უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, ხოლო მისი მე-3 პუნქტი, რომელიც კონკრეტული 94 სახელმწიფოს მოქალაქეებს შეეხებათ, ამგვარ შეზღუდვას არ ადგენს. ამასთანავე ეს პუნქტი ერთი წლით საქართველოში ყოფნის უფლების გარდა არ განსაზღვრავს არცერთ სხვა უფლებასა თუ ვალდებულებას. ის არ აწესებს არც ვადას, რომელშიც საქართველოში 1 წლის ვადით ცხოვრების შემდეგ პირისთვის აკრძალული იქნებოდა ისევ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. გამოდის, რომ 1 წლით საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შემდეგ, პირს შეუძლია, საქართველო დატოვოს და როცა მოესურვება, მაშინ დაბრუნდეს უკან. (რუსეთის მოქალაქეების უვიზო შემოდინებასთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან საქართველოში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი არ აწესებს არანაირ აკრძალვას იმ პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე 1 წელი დაჰყვეს და შემდეგ სახელმწიფოს ტერიტორია დატოვეს, ირაკლი კუპრაძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით - სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5314 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი