ჯაბა ფუტკარაძე:მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ 80-მილიონიან პრივატიზაციას, წელს გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავალი იყო უპრეცედენტო, ისტორიულად ყველაზე მაღალი ბოლო წლებში.

ვერდიქტი: ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2018 წლიდან 2023 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, არაფინანსური აქტივების კლებით, აჭარის ა/რ 2023 წლის ბიუჯეტში მართლაც ყველაზე მეტი თანხა შევიდა - 34,788.6 ათასი ლარი. თუმცა პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლის დაგეგმვისას, რეგიონის მთავრობა, ბოლო რამდენიმე წელია, გაცილებით დიდ მოლოდინს აჩენს, წლის ბოლოს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებით კი პარამეტრს საგრძნობლად ამცირებს. ამ გარემოებასა და საპროგნოზო მაჩვენებლის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე მუდმივად მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ 80-მილიონიან პრივატიზაციას, წელს გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავალი იყო უპრეცედენტო, ისტორიულად ყველაზე მაღალი ბოლო წლებში“.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ყოველწლიურად ქვეყნდება რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. თავის მხრივ, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დასკვნას აქვეყნებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჩვენ არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ. ამჯერად ბოლო რამდენიმე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და გაგაცნობთ, როგორი იყო არაფინანსური აქტივების კლების მუხლით მიღებული შემოსულობების მაჩვენებლები. საანგარიშოდ, პირობითად, 2018-2023 წლები ავიღეთ.

აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებულმა თანხებმა 27,814.3 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 101.2% იყო. აქედან, ძირითადი აქტივების პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსულობები 84.1%-ით შესრულდა, ხოლო არაწარმოებული აქტივების პრივატიზებით შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი - 106.8%-ით.

ცხრილი 1. არაფინანსური აქტივების კლების შესრულების მაჩვენებლები (ათასი ლარი), 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც ცხრილი 1 აჩვენებს, 2018 წელს აჭარის ბიუჯეტში პრივატიზაციის შედეგად 330.5 ათასი ლარით მეტი შევიდა. ამ წელს გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა საპროგნოზო მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები თანხით იყო დაგეგმილი, ვიდრე 2021-2023 წლებში.

2019 წელს კი აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 18,850.0 ათასი ლარით დაგეგმა, თუმცა ფაქტობრივად წლიური გეგმის 69.6% ანუ 13,129.0 ათასი ლარი მიიღო, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 14,685.3 ათასი ლარით ნაკლებია.

ცხრილი 2. არაფინანსური აქტივების კლების შესრულების მაჩვენებლები (ათასი ლარი), 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს პრივატიზაციით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები მოცულობის იყო, ვიდრე 2018 წელს, გეგმა მაინც არ შესრულდა. ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და საკასო შესრულებას შორის არსებით გადახრებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობა განმარტავდა, რომ ზოგიერთმა მყიდველმა საპრივატიზებო საფასური ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში არ გადაიხადა. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბალი მაჩვენებელი გამოწვეული იყო რამდენიმე ობიექტის პრივატიზაციის პროცესის შეჩერებით.

ამის შემდეგ იყო 2020 წელი, როცა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობა შეფერხდა. აქედან გამომდინარე, აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების კლების მუხლის თავდაპირველი გეგმა - 20,844.3 ათასი ლარი - მკვეთრად შეამცირა და 9,344.3 ათასი ლარით განსაზღვრა.

ცხრილი 3. არაფინანსური აქტივების კლების შესრულების მაჩვენებლები (ათასი ლარი), 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცხრილი 3-დან ჩანს, რომ „არაფინანსური აქტივების კლების“ დაზუსტებული ბიუჯეტი შესრულებულია 107.5%-ით, ანუ დაზუსტებულ გეგმას 705.5 ათასი ლარით აღემატება. თუმცა თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით, შესრულების მაჩვენებელი დაბალია, 48.2%-ს შეადგენს და გეგმურ პარამეტრს 10,794.5 ათასი ლარით ჩამორჩება. აუდიტის შეფასებით, ბიუჯეტის მაღალი მაჩვენებლებით შესრულების წარმოსაჩენად, ბიუჯეტში წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, მთავრობამ საბიუჯეტო გეგმა ფაქტობრივ ფისკალურ მონაცემებს მიუსადაგა.

2021 წელს აჭარის მთავრობამ, თავდაპირველად, არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსავალი 27 მლნ ლარით დაგეგმა, თუმცა რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების თანახმად, საპროგნოზო მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 89 მლნ ლარი გახდა.

ცხრილი 4. არაფინანსური აქტივების კლების შესრულების მაჩვენებლები (ათასი ლარი), 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც ვხედავთ, 2021 წელს არაფინანსური აქტივების კლების დაზუსტებული ბიუჯეტი 25%-ით შესრულდა. თუმცა გეგმის თავდაპირველ მაჩვენებელთან მიმართებით, შესრულება გაცილებით მაღალია. ამ კონკრეტულ გარემოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაწერა, რომ აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია საპრივატიზაციო გეგმის არარსებობით. მთავრობის განმარტებით კი, საბიუჯეტო წელს მსხვილი ობიექტების პრივატიზება ვერ მოხერხდა. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, ბიზნესსუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეღავათები გაითვალისწინა. კერძოდ, ინვესტორებს საპრივატიზებო თანხების გადასახდელად დამატებითი ვადები მიეცათ. აუდიტის სამსახურმა ეს განმარტება დაუსაბუთებლად მიიჩნია.

პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელთან მიმართებით, იდენტური სიტუაცია განმეორდა როგორც 2022 წელს, ისე მიმდინარე წელსაც. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციისა და ოპოზიციის შენიშვნების მიუხედავად, 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, რესპუბლიკურ ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა თანხებმა 34,578.8 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 35.0%-ია და 12,327.3 ათასი ლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.

ცხრილი 5. არაფინანსური აქტივების კლების შესრულების მაჩვენებლები (ათასი ლარი), 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცხრილი 5 აჩვენებს, რომ „არაფინანსური აქტივების კლების“ დაზუსტებული ბიუჯეტი შესრულებულია 35.0%-ით (დაზუსტებულ გეგმას ჩამორჩება 64,121.2 ათასი ლარით), თუმცა, როგორც 2021 წელს, თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით, შესრულების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც შედარებით მაღალია და 53.6%-ს შეადგენს.

და ბოლოს, 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით, არაფინანსური აქტივების საპროგნოზო მაჩვენებელი 80,415.7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს 132.6%-ით ანუ 45,836.9 ათასი ლარით აღემატება. განცხადების გაკეთების მომენტში არსებული მონაცემები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავაზუსტებინეთ. მათი პასუხის თანახმად, 7 დეკემბრის მდგომარეობით, პრივატიზაციიდან ბიუჯეტში უკვე შევიდა 34,788.6 ათასი ლარი.

ცხრილი 6. არაფინანსური აქტივების კლების შესრულების მაჩვენებლები (ათასი ლარი), 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც ვხედავთ, შესრულებ მართლაც ყველაზე მაღალია.

გრაფიკი 1. არაფინანსური აქტივების კლების მუხლით რესპუბლიკურ ბიუჯეტში მიღებული შემოსულობები (ფაქტი), 2018-2023 წლები

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო; ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; სახელმწიფო აუდიტის სამსახური

„ფაქტ-მეტრმა“ სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევაც სცადა. მინისტრის კომენტარით, მან განცხადებაში იგულისხმა გასულ წლებსა და 2023 წელს გაყიდული ქონებები, რომლებზეც ხელშეკრულებები გაფორმებულია და ბიუჯეტში თანხის მობილიზება 2023 წელსაა განსაზღვრული. თუმცა ის გარკვევით ამბობს, სიტყვას „შემოვიდა“. გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები თანხების შესახებ კი, გასული წლებიდან გამომდინარე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, დაბეჯითებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ყველა მყიდველი პირობას პირნათლად შეასრულებს. ამასთანავე, „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლის დაგეგმვის პროცესში არსებულ ნაკლოვანებებზე თავის დასკვნაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამჯერადაც მიუთითა. უწყებას აქვს მოლოდინი, რომ კანონით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებელი არც წლის ბოლოს შესრულდება. მხედველობაში ვიღებთ, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში მართლაც ყველაზე მეტი თანხა შევიდა. ასევე ვითვალისწინებთ რა, რომ მთავრობა, ბოლო რამდენიმე წელია, წლის ბოლოს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებით, საპროგნოზო მაჩვენებელს ამცირებს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც მიუთითებს, ჯაბა ფუტკარაძისგანცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი