სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ინფორმაციას ავრცელებს. Facebook-მომხმარებლის მტკიცებით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) ადამიანის სხეულის გამოყენებით კრიპტოვალუტის „მაინინგის“ შესაძლებლობას იძლევა. ადამიანის სხეულზე წვდომა კი, აცრის საშუალებით ეძლევა, ამიტომ „ხდება ხალხის ძალდატანებით აცრა“. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ახალი ფულადი სისტემა გააკონტროლებს ინდივიდთა ცხოვრების ნებისმიერ აქტივობას, ამიტომ ამ ყველაფრის აღსაკვეთად „ხალხის მასიურად გამოფხიზლებაა“ საჭირო. რეალურად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა და WO/2020/060606 პატენტი, რომელიც კრიპტოვალუტის „მაინინგის“ შესაძლებლობას იძლევა, ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, ხოლო პატენტი WO/2020/060606 მიკროჩიპის იმპლანტაციას არ ითვალისწინებს.

ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასა და კრიპტო ვალუტას შორის კავშირი არ არის, მეტიც, ისინი ერთმანეთის კონკურენტებად მიიჩნევა. ციფრული ვალუტა ეროვნული ვალუტის, ე.წ. ნაღდი ფულის ვირტუალურ ვერსიას წარმოადგენს. ციფრულ ვალუტას ქვეყნის ეროვნული ბანკი უშვებს და აკონტროლებს, არის ცენტრალიზებული და მკაცრ ჩარჩოებში მოქცეული. ციფრული ვალუტა ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს და მას ცალკე ფასი არ გააჩნია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნულ ციფრულ ვალუტას (CBDC) განმარტავს, როგორც ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სუვერენული ვალუტის ციფრულ ფორმას. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, CBDC-ს გააჩნია პოტენციალი, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, რასაც ასევე დიდი გავლენა ექნება საზოგადოების კეთილდღეობაზე. CBDC-ის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ლარიზაციის პროცესს ხელი შეეწყოს.

მსგავსად ეროვნული ციფრული ვალუტისა, კრიპტოვალუტის გამოყენება რეგულარული საქონლისა და მომსახურების შესაძენად შეიძლება, თუმცა კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებული, ციფრული და დაშიფრული მიმოცვლის საშუალებაა. განსხვავებით ეროვნული ვალუტებისგან, არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რომელიც კრიპტოვალუტას მართავს და მის ღირებულებას გააკონტროლებს. სანაცვლოდ, ეს ამოცანები კრიპტოვალუტის მომხმარებლებს შორის ინტერნეტის საშუალებით ნაწილდება. გადახდის ეს ელექტრონული სისტემა კრიპტოგრაფიულ მტკიცებულებებს ეფუძნება. კრიპტოგრაფიული მტკიცებულება წარმოდგენილია იმ ტრანზაქციების სახით, რომლებიც მოწმდება და ჩაიწერება „ბლოკჩეინზე“.

„ბლოკჩეინის“ ტრანზაქციები ბლოკებში კოდით ჩაიწერება. ყოველი ბლოკი (პირველი ბლოკის გარდა) ეხება ან უკავშირდება წინა ბლოკს „ბლოკჩეინში“. კომპიუტერული რესურსები ინარჩუნებენ „ბლოკჩეინს“, კრიპტოგრაფიულად ამოწმებენ ყოველ ახალ ბლოკს და მასში შემავალ ტრანზაქციებს. ეს პროცესი რთულ გამოთვლებს საჭიროებს და მას „მაინინგს“ უწოდებენ. „მაინინგს“ შეიძლება დასჭირდეს უზარმაზარი გამოთვლითი ენერგია. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად არის წარმოდგენილი პატენტი WO/2020/060606, რომელიც Microsoft-მა 2019 წელს შეიმუშავა. ტექნოლოგია კრიპტოვალუტის სანაცვლოდ, ადამიანების აქტივობის მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგი სენსორული მოწყობილობის საშუალებით ხდება და არა იმპლანტირებული ჩიპის მეშვეობით, რომელიც, როგორც ამას Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, ადამიანის ორგანიზმში აცრის საშუალებით თავსდება.

აღნიშნულ საკითხზე ბრიტანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Full Fact-მაც იმუშავა. მათ ანგარიშში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეყრდნობა, ვკითხულობთ, რომ აპლიკაცია განკუთვნილია სისტემისთვის, რომელიც მომხმარებლებს ფიზიკური აქტივობების სანაცვლოდ კრიპტოვალუტით აჯილდოებს. ინფორმაცია დავალების (აქტივობის) დასრულების შესახებ სენსორის საშუალებით გროვდება, რომელიც პოტენციურად მომხმარებლის მოწყობილობასთან (შეიძლება იყოს პერსონალური კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, ტაბლეტები და სხვ.) იქნება დაკავშირებული. სენსორი აღწერილია, როგორც ცალკეული ან მომხმარებლის მოწყობილობაში ჩაშენებული (იხილეთ ილუსტრაცია) ცალკეული მოწყობილობა.

წყარო: https://patentscope.wipo.int/search/en/detail.jsf?docId=WO2020060606

გარდა ამისა, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ ციფრული ვალუტით ადამიანების მართვა ვაქცინაციის შედეგად მოხდება და ზოგადად, ვაქცინაცია ადამიანების სრულ კონტროლს ისახავს მიზნად, ხშირად გავრცელებული შეთქმულების თეორიაა. კონსპიროლოგები შეთქმულების თეორიას WO 2020/060606 აპლიკაციასა და მის მიზნებს ხშირად არასწორად უკავშირებენ.

ამდენად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა და WO/2020/060606 პატენტი ურთიერთდაკავშირებული არ არის. ხოლო, აპლიკაციის პატენტს ადამიანის ორგანიზმში ვაქცინაციით მიკროჩიპის იმპლანტაციასთან საერთო არაფერი აქვს. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, თითქოს, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) ადამიანის სხეულის გამოყენებით კრიპტოვალუტის „მაინინგის“ შესაძლებლობას იძლევა, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი