სოციალურ ქსელ Facebook-ში ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელსაც დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია (1, 2, 3, 4, 5) მორიგი ყალბი მტკიცება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ისრაელის ჯარში დაქირავებული უკრაინელები იბრძვიან და მათ დროშაზე ეშმაკია გამოსახული. პოსტის ავტორი მტკიცების გავრცელებისას ეყრდნობა ფოტოებს, რომლებზეც დროშების ფონზე ჯარისკაცები არიან განლაგებულები.

Google-ის სურათების ძიების ინსტრუმენტის გამოყენებით სხვადასხვა წყაროს ვპოულობთ, რომლებიც ფოტოებს სამხედრო ჯგუფ Forward Observations Group-ს უკავშირებენ. საძიებო სისტემაში ჯგუფის დასახელების ძიებისას კი ვხვდებით ჯგუფის YouTube და Instagram გვერდებს, რომლებშიც განთავსებული ფოტოების შედარებით დგინდება, რომ Facebook-მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ნამდვილად Forward Observations Group-ის წევრები არიან გამოსახულები. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ Facebook-ის პოსტში ნაჩვენებ ფოტოებსა და სამხედრო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე გამოსახული დროშები იდენტურია.

Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები

Forward Operations Group-ის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები. ბმული 1, 2

Forward Observations Group (FOG)-ის შესახებ ინტერნეტში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. მომხმარებლები ისეთ ვებგვერდებზე, როგორებიცაა: Quora (დაარქივებული ბმული) ან Reddit (დაარქივებული ბმული) გამოთქვამენ სხვადასხვა ვარაუდს. ერთ-ერთი მომხმარებლის ვერსიით, FOG მედიაზე დაფუძნებული კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილი წევრებისგან შედგება და ონლაინ მედიაში მათი ბრენდის მარკეტინგს და შესაძლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერვისებს ახორციელებენ (როგორიცაა სამხედრო კონსულტაცია და კონტრაქტირება). ყურადღება ასევე მახვილდება FOG-ის მიერ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის ამსახველ ვიდეოებზე. სხვა მომხმარებლები კი უარყოფენ, რომ FOG, მაგალითად, რუსული wagner-ის მსგავსი კერძო სამხედრო კომპანიაა (PMC) და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ჯგუფი უმთავრესად ბრენდს წარმოადგენს.

საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის, Foreign Policy-ს მიხედვით, Forward Observations Group (FOG) არა კონტრაქტორები, არამედ მოხალისეთა ჯგუფია, რომელიც ამერიკის ყოფილმა ქვეითმა დერიკ ბეილსმა დააარსა. ის თავდაპირველად შეიქმნა როგორც ბრენდი, რომელიც სამხედრო-ტაქტიკურ აღჭურვილობას ყიდდა. უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ მებრძოლებთან დაამყარეს კავშირები და კონფლიქტის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს იღებენ. გამოცემის მიხედვით, ორგანიზაცია უკრაინელების გვერდით იბრძოდა დონბასის რეგიონში და ქვეყანას რუსული შემოჭრისგან თავდაცვაში ეხმარებოდა. თავად ორგანიზაციის წევრის განცხადებით, ისინი უკრაინელებისთვის სამედიცინო და სამხედრო აღჭურვილობისა და ფულის მოპოვებაზე არიან კონცენტრირებულები.

აღსანიშნავია, რომ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ინსტაგრამ გვერდზე ასევე გამოჩნდა ფოტოები, რომლებიც აღნიშვნის მიხედვით, ისრაელსა და ღაზას სექტორში იყო გადაღებული.

ამდენად, ჯგუფის დაკავშირება ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომთან, მართლაც შეიძლება, თუმცა ჯგუფი უკრაინული არაა. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მისი წევრები უკრაინელები არიან. ამდენად, პოსტში გაჟღერებული მტკიცება, რომ ისრაელის ჯარში დაქირავებული უკრაინელები იბრძვიან, არ დასტურდება.

ამ მტკიცების გავრცელება, სავარაუდოდ, რუსული გამოცემების მიერ ჯგუფის მიერ ღაზაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე შექმნილ სტატიებს უკავშირდება. მაგალითად, კრემლის კონტროლირებულმა Sputnik-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დაქირავებული მებრძოლები ნიღაბახსნილია: აშშ-ის მიერ უკრაინიდან დაქირავებული მებრძოლები შენიშნეს ღაზაში ისრაელის მხარეს ოპერირებისას“.

სტატიაში FOG ამერიკულ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფადაა მოხსენიებული და გაჟღერებულია მტკიცება, რომ ჯგუფი, რომელიც წარსულში უკრაინაშიც იმყოფებოდა, ამჯერად უკვე ისრაელის სახელით ღაზაში იბრძოდა. Sputnik-ის მტკიცება ეფუძნება FOG-ის ინსტაგრამ გვერდზე ღაზას სექტორიდან და ისრაელიდან გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომლებზეც ჩანს, რომ შეიარაღებაზე ამერიკულთან ერთად უკრაინის დროშებიც ჰქონდათ დატანილი. თუმცა სტატიაში Forward Observations Group-ზე საუბრისას ნახსენები არსადაა, რომ ჯგუფი უკრაინულია ან რომ მასში უკრაინელები იბრძვიან. მეტიც, სტატიაში ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯგუფი, რომელიც ტაქტიკური აღჭურვილობის გაყიდვაშია სპეციალიზებული, ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა შექმნა. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ ორგანიზაცია 2020 წლის 15 ოქტომბერს ნევადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდა, ამდენად ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ბევრად ადრე შეიქმნა.

დამატებით, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ისრაელის მხარეს უკრაინელი მებრძოლების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არცერთ სანდო მედიასაშუალებას არ გამოუქვეყნებია.

ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ჯარებში მსახურება ეროვნული ნიშნით კუთვნილების მიხედვით არის შეზღუდული. კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებში ისრაელის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მოხალისეობა იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ისინი ებრაელები არიან ან პასუხობენ Aliyah-ს და დაბრუნების კანონს (The Law of Return) ექვემდებარებიან ანუ არიან ებრაელების შვილები ან შვილიშვილები. სხვა შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისრაელის თავდაცვის ძალებთან მიერთება არ შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, უცხოელებისთვის მოხალისეობა მხოლოდ არასამხედრო სფეროშია დასაშვები.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი