სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ინფორმაციას აქვეყნებს. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები „იწვევს ტურბო კიბოს ისეთი სიჩქარით, რომელიც აქამდე არ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ფაიზერის მიერ „ტურბო კიბოს“ მკურნალობაზე ორიენტირებული მცირე ფარმაცევტული კომპანიის შეძენა ნიშნავს, რომ კოვიდ ვაქცინებით გამოწვეული „ტურბო კიბოს“ მკურნალი უმსხვილესი ონკოლოგიური კომპანია Pfizer გახდება. რეალურად, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კოვიდ ვაქცინები „ტურბო კიბოს“ იწვევს, არ არსებობს და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

განცხადების პირველწყაროს გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია იდენტური სათაურით 2023 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა ვებგვერდზე, რომლის სანდოობაც საეჭვოა, ხოლო მის ავტორზე სტატიაში არაფერია ნახსენები. გარდა ამისა, წყაროს მითითების გარეშე ინფორმაციას სოციალურ ქსელებშიც არასანდო ანგარიშები ავრცელებენ (1, 2). აღნიშნული ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიასაშუალებაში არ გავრცელებულა.

შეთქმულების თეორიები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ აქამდეც გავრცელებულა (ბმული 1, ბმული 2). მტკიცება იმის შესახებ, რომ კოვიდ ვაქცინები „ტურბო კიბოს“ იწვევს, წარსულშიც გავრცელებულა. საკითხს ჯერ კიდევ 2022 წელს გამოცემა Reuters-იც გამოეხმაურა.

აღნიშნულ საკითხზე გამოცემა ხუთ სხვადასხვა მეცნიერს ესაუბრა, რომლებმაც კოვიდ ვაქცინების მიერ კიბოს, მით უფრო აგრესიული ტიპის, ე.წ. „ტურბო კიბოს“ გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. იმუნოლოგიის ექსპერტმა, ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა მეცნიერმა, ჯიჯი გრონვალმა აღნიშნა, რომ ნარატივი მთლიანად გამოგონილი და ყალბია. მეტიც, პროფესორი ჯასტინ სტებინგი, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის კიბოს მედიცინისა და ონკოლოგიის განყოფილების პროფესორი, აღნიშნავს, რომ მართალია, ზოგიერთი კიბო უფრო აგრესიულია, ვიდრე დანარჩენი, თუმცა ტერმინი „ტურბო კიბო“ მას არასდროს სმენია. რადიოლოგთა სამეფო კოლეჯის სამედიცინო დირექტორი, დოქტორი ნიკ ტორპი ასევე ადასტურებს, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელიც ძირითად, რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურაში გამოიყენება.

პოსტის კომენტარებში Facebook-პროფილი „ცოდნა სინათლეა“ ასევე ამტკიცებს, რომ „ჯერ დააავადეს ვაქცინებით კაცობრიობა და ახლა ვითომ განკურნებით გააკეთებენ მილიარდებს“.

ექსპერტებმა Reuters-თან ასევე ისაუბრეს კიბოთი დაავადებულთა რიცხვის საგრძნობ ცვლილებაზე პანდემიის პირობებში და მისი დასრულების შემდეგ. მათი განცხადებით, COVID-19 პანდემიის მიმდინარეობისას კიბოთი დაავადებულთა დიაგნოსტირების შედარებით დაბალი რიცხვი სამედიცინო სისტემების გამორთვამ განაპირობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ კიბოს გვიანი სტადიის მქონე პაციენტთა რიცხვის ზრდა, მათ მიერ ექიმთან ვიზიტის ხანგრძლივი ლოდინის შედეგია. შესაბამისად, კიბოთი დაავადებულ ადამიანთა დიაგნოზს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებთან კავშირი არ აქვს.

ამგვარად, არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კოვიდ ვაქცინები ე.წ. „ტურბო კიბოს“ იწვევს. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი