სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1; 2; 3) ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, პოლიციის თანამშრომლები დედას ბავშვს თუ როგორ ართმევენ. ამ ვიდეოს ინტერნეტ-მომხმარებლები სხვადასხვაგვარად ასათაურებენ: „ეს ევროპაა, ძმებო და დებო, მათ აინტერესებთ ოჯახური ღირებულებები“; „ევროპული სამართლის ნიმუში, როდესაც ბავშვს ძალით ართმევენ დედას. თურმე , დედა " სწორად" ვერ ღზრდის შვილს და ვერ უხსნის "ევროპული ტოლერანტობის" არსს“, - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში. სინამდვილეში, მომხდარს ევროკავშირის რეგულირებასთან კავშირი არ აქვს და ზემოაღნიშნული პოსტები მომხდარის კონტექსტსა და სრულ სურათს უგულებელყოფს.

რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ამასთან, პოსტის ავტორები არ აკონკრეტებენ, სად და როდის მოხდა აღნიშნული შემთხვევა და რა მოვლენები უძღვოდა მას წინ.

ფოტოს ძებნის ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით დადგინდა, რომ ვიდეო 2023 წლის 21 სექტემბერს, ქალაქ პალანგაში, ლიეტუვაშია გადაღებული. ვიდეო ადგილობრივ მედიაშიც აქტიურად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოს ავთენტურობა და თარიღი ბავშვის დედამ დაადასტურა. მისივე განცხადებით, მან რამდენჯერმე მიმართა ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურს, წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ფსიქოლოგის დასკვნა, იმის შესახებ, თუ რას განიცდიდა ბავშვი იმ გარემოში, რომელშიც ის დიდი ხანი ცხოვრობდა. მაგრამ მას არავინ გამოეხმაურა.

ამის საპასუხოდ, ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ილმა სკუოდიენემ TV3.lt-სთან კომენტარში განაცხადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ბავშვის ოჯახი საჭირო სპეციალისტებისგან იღებდა დახმარებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ბავშვის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა, გადაწყვეტილება მიიღეს, ის უფრო მშვიდ გარემოში გადაეყვანათ. სამსახურის კომენტარში ვკითხულობთ: „ამ კონკრეტულ სიტუაციაში 2022 წელს, არსებული გარემოებებისა და მასალების შესწავლის, სასამართლომდე გამოძიებების შედეგად, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვს მამასთან უნდა ეცხოვრა. ასევე განისაზღვრა დედასთან კომუნიკაციის წესები. ამასთან, საგულისხმოა, რომ დედა ბავშვთან ერთად გარკვეული დროის განმავლობაში იმალებოდა და ყველა ზომას იღებდა, რათა ბავშვი მამასთან არ დაბრუნებულიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვს არ ჰქონდა შესაძლებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებას დასწრებოდა, ნორმალური სოციალური ცხოვრება და ნათესავებთან კომუნიკაცია ჰქონოდა. ამიტომაც 2023 წლის სექტემბერში სასამართლომ სასწრაფოდ მოსთხოვა დედას, ბავშვი მამასთან დაებრუნებინა. როცა დედამ ეს გადაწყვეტილება უგულებელყო, საქმე ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურს გადაეცა“.

როგორც ბავშვის მამა აცხადებს, მათი განქორწინების შემდეგ ორივე ერთსა და იმავე ქალაქში - ალიტუსში - ცხოვრობდნენ. თუმცა 2021 წელს ყოფილი მეუღლე და ბავშვი გაუჩინარდნენ, ამიტომაც მან დახმარებისთვის თავისსავე ქალაქში ბავშვთა დაცვის სამსახურს მიმართა. ბავშვი და ყოფილი მეუღლე ვილნიუსში იპოვეს, მოლაპარაკებების შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ბავშვი დედასთან იცხოვრებდა. თავდაპირველად ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა, თუმცა 2021 წლის დეკემბერში დედამ პოლიციას მიმართა და აცხადებდა, რომ მამამ შვილზე იძალადა. როგორც მამა აცხადებს, ამის შემდეგ მიღებულ იქნა წინასწარი ზომები, რითაც მას შვილთან კონტაქტი აუკრძალეს. თუმცა ეს ხდებოდა 2022 წლის 10 ივლისამდე, მანამ სანამ გამოძიება არ შეწყდა, რამაც ძალადობის ფაქტი არ დაადასტურა. მისივე თქმით, როცა შვილს გაესაუბრა, აშკარად იგრძნობოდა დედის გავლენა. 2022 წლის აგვისტოში, ფსიქოლოგთან საუბრისას ბავშვმა აღნიშნა, რომ დედამ მას სახეში გაარტყა, რის შედეგადაც დედის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, ბავშვი კი შედარებით უსაფრთხო გარემოში - ბებიასთან, გადაიყვანეს.

ამის შემდეგ ქალაქ ალიტუსის სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვს დროებით მამასთან უნდა ეცხოვრა, ხოლო დედის ნახვას შეძლებდა კვირაში ორჯერ, სოციალური სამსახურის ცენტრში, ზოგჯერ ფსიქოლოგის თანდასწრებით. 2023 წლის ივნისში, ვილნიუსის საქალაქო სასამართლომ დედას მისცა უფლება, წაეყვანა ბავშვი ყოველ მეორე შაბათ-კვირას და 14-დღიან არდადეგებზე. თუმცა, როცა 2023 წლის ივლისში დედამ ბავშვი წაიყვანა, ის აღარ დააბრუნა მამასთან და გადამალა. ვილნიუსის სასამართლომ მათზე ძებნა გამოაცხადა. 18 სექტემბერს დედას მოსთხოვეს შვილი სასწრაფოდ დაებრუნებინა მამასთან. ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ისინი პალანგაში იმალებოდნენ, პოლიციასა და ბავშვთა უფლებადამცველებს მოუხდათ, ბავშვის იძულებით წამოყვანა.

შემთხვევას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედაც გამოეხმაურა: „არ ვიცი, იყო, თუ - არა გუშინ ერთი ადამიანი მაინც, რომელმაც ამ შოკისმომგვრელ ვიდეოს მშვიდად უყურა.....სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღასრულონ როგორც ინსტიტუტებმა, ასევე თავად მოქალაქეებმა. თუმცა, როცა სახლში შემოდიან ექიმები, პოლიციელები და ბავშვთა უფლებების დაცვის თანამშრომლები, რათა აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება,თქვენ იმედი გაქვთ, რომ ამჯერად ბავშვი იქნება არა ჩხუბის ან გაკიცხვის, არამედ ყურადღებისა და ზრუნვის ცენტრში. სამწუხაროდ, პალანგაში მომხდარი ინციდენტის დროს ბავშვის ინტერესები სახელმწიფო ინსტიტუტებმა უგულებელყვეს“, - ვკითხულობთ ლიეტუვის პრეზიდენტის მიერ Facebook-ზე 2023 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.

პრეზიდენტის განცხადებას ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, როცა მსგავს სიტუაციაზე კომენტარს აკეთებენ. „ვიდეო შოკისმომგვრელია, თუმცა ეს არაა მხოლოდ ის კონკრეტული მონაკვეთი, რაც ჩვენ ვიხილეთ. მას წინ უძღვის გრძელი ისტორია - განქორწინების ტრავმა. ძალიან სამწუხაროა, რომ, როგორც ხდება ხოლმე, ამ ამბავში ბავშვი ყველაზე დაუცველია. მსურს ვნახო, როგორც პასუხისმგებელი პირები, ასევე პოლიტიკოსები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვუყურებ ლიეტუვაში მომხდარი მტკივნეული ისტორიების მთელ კონტექსტს, იყვნენ უკიდურესად ფრთხილად და აწონ-დაწონონ ყოველი სიტყვა“, - განაცხადა სეიმის სპიკერმა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ ლიეტუველ კოლეგებს Delfi-სა და Patikrinta 15min-ს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევას ლიეტუვაშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. როგორც ჩვენი კოლეგა Patikrinta 15min-დან გვიყვება, რამდენიმე წელია, რაც ქვეყანაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი საზიანო სიტუაციაშია (ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, ოჯახის წევრების ალკოჰოლზე დამოკიდებულება, სათანადო პირობების, საკვების არქონა, სახლში მარტო დატოვება, სკოლაში სიარულის აკრძალვა და ა.შ) სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ, ბავშვის გარკვეული დროით უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

ამდენად, საქართველოში აღნიშნული ამბავი მცდარი კონტექსტით გავრცელდა, თითქოს მომხდარს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰქონდა კავშირი. ლიეტუველმა ფაქტების გადამმოწმებლებმა აღნიშნეს, ევროკავშირი მსგავს საკითხებს არ არეგულირებს და ბავშვის გადაყვანა ადგილობრივი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა. გარდა ამისა, საქართველოში გავრცელებული ინფორმაცია უგულებელყოფს როგორც მომხდარის მთლიან სურათს, ასევე იმ გამოხმაურებას, რაც ლიეტუვაში ამ ამბავს მოყვა.

-----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი