სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დამფუძნებელ კლაუს შვაბთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს. „კლაუს შვაბი წარმოგიდგენთ: ჰიტი VaxxMas '23 ამ შობას, ჩაეხუტეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და ისიამოვნეთ მწერების და ხრაშუნა ჭიკჭიკების უგემრიელესი სადღესასწაულო სუფრით, სიმღერების სპეციალური კრებულის მოსმენით. მსოფლიო დამონების ფორუმი წარმოგიდგენთ VaxxMas Hits '23“- წერს პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან კავშირი არ აქვს.

ვიდეო, რომელშიც თითქოს კლაუს შვაბი ახალ საშობაო ალბომს წარადგენს, თავდაპირველად 15 დეკემბერს Youtube არხის „Snicklink“ მიერ გავრცელდა. Snicklink მიმ-არტისტია, რომელიც AI გენერირებულ ვიდეოებს ხშირად ავრცელებს. სწორედ აღნიშნული არხის მიერ გავრცელდა კლიმატის ცვლილების საკითხებზე აქტივისტის გრეტა თუნბერგის “Deepfake” ვიდეო, სადაც თითქოს აქტივისტი ხალხს მოუწოდებდა „მდგრადი“ ომის ტანკებისა და იარაღის გამოყენებისკენ, როგორიცაა მაგალითად „ვეგანური ყუმბარები“. Snicklink-ი კლაუს შვაბის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოებს აქამდეც გამოუქვეყნებია (1,2,3).

აღსანიშნავია, რომ საშობაო სიმღერების ალბომთან დაკავშირებულ ვიდეოში ისმის ფრაზა: „ამ შობას ჩაეხუტეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და ისიამოვნეთ ჭიების უგემრიელესი სადღესასწაულო სუფრით“. აღსანიშნავია, რომ ჭიებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია, რომელიც კლაუს შვაბს ეხებოდა, აქამდეც გავრცელებულა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებდნენ საწარმოში ჭიაყელების გადამუშავების პროცესის ამსახველ ვიდეოს, რომელსაც სწორედ კლაუს შვაბს უკავშირებდნენ და მწერებს „კლაუს შვაბის ჭიებად“ და „შვაბის მატლებად“ მოიხსენიებდნენ. რეალურად, კონკრეტულ ვიდეოში ასახული ჭიაყელების გადამუშავების პროცესს კლაუს შვაბთან კავშირი არ აქვს და ერთ-ერთი კორეული ქარხნის მუშაობას ასახავს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სავარაუდოდ, ჭიაყელების საკვებად გამოყენების საკითხი შვაბის სახელთან მას შემდეგ დააკავშირეს, რაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „5 მიზეზი თუ როგორ შეიძლება შეამციროს მწერების საკვებად გამოყენებამ კლიმატის ცვლილება“. სტატიის თანახმად, მწერებს შეუძლიათ ისეთივე ხარისხის ცილის წარმოება, როგორც ცხოველებს. ასევე, მწერები პირუტყვთან შედარებით ნაკლებ მოვლასა და პატრონობას საჭიროებენ და ნაკლებ რესურსსაც მოიხმარენ. სტატიაში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს, რის გამოც ცილებზე მოთხოვნა მისი წარმოების შესაძლებლობას გადააჭარბებს. ამდენად, მწერების საკვებად და საკვებ დანამატებად გამოყენება შესაძლოა მომავალი პრობლემების ერთ-ერთ გადაჭრის გზად მოიაზრებოდეს.

ამავდროულად, კლაუს შვაბი ხშირად არის დეზინფორმაციის სამიზნე, მასთან დაკავშირებით არა ერთი ყალბი ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1,2, 3).

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული და მას კლაუს შვაბთან და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან საერთო არაფერი აქვს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი