სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშების მიერ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიდეო ვრცელდება (1,2). ანგარიშების მტკიცებით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე იყო არა ტერორისტების, არამედ აშშ-ის დანაშაული. რეალურად, აღნიშნული მტკიცება 9/11-ის ტერაქტთან დაკავშირებული (Inside Job) კონსპირაციის გაგრძელებაა.

ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს მართლაც ახსენა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, მაგრამ აშშ-ის დანაშაულზე არაფერი უთქვამს. ტრამპმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ში არ განხორციელებულა ისეთი მასშტაბის ტერორისტული თავდასხმა, როგორიც 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, 2024 წლის 22 იანვარს, ლაკონიაში, ნიუ-ჰემპშირში, შტატის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში ტრამპის გამარჯვებამდე ერთი დღით ადრე არის გადაღებული. სრული ვერსიის ნახვისას, ირკვევა, რომ დონალდ ტრამპმა 9/11-ის ტერაქტი მაგალითის სახით ახსენა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტერაქტის მსგავსი შემთხვევა მისი პრეზიდენტობისას არ ყოფილა. „იცი, როცა ოთხი წელი იქ ვიყავი [პრეზიდენტობისას], ძალიან მინდოდა ლაპარაკი. ჩვენ არ გვქონია ტერორიზმი. შეტევები არ გვქონია. არაფერი გვქონდა. და მე მინდა... ჩვენ გვქონდა ტრამპის მოგზაურობის აკრძალვა. ჩვენ ამას ტერორის აკრძალვას ვუწოდებთ, არა? ჩვენ გვინდოდა ტერორის შეჩერება ჩვენს ქვეყანაში (...) ოთხი წელი არ ვსაუბრობდი ამ თემაზე ამ კონკრეტულ თემაზე. მაგრამ ახლა ამაზე სულ ვლაპარაკობ. თავდასხმები არ გვქონია. ჩვენ არ გვქონდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. ჩვენ არ გვქონია ისეთი თავდასხმები, როგორიც თქვენ გინახავთ და რა თქმა უნდა, რასაც სხვა ქვეყნებში ხედავთ. სხვათა შორის, ახლა ჩვენ კვლავ ჩავერთვებით ახლო აღმოსავლეთში. შეხედე რა ხდება. თქვენ ჩაერთვებით... აი, ისევ ახლო აღმოსავლეთთან მივდივართ“-აღნიშნა ტრამპმა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი ისლამური ექსტრემისტული ჯგუფის ალ-ქაიდას მიერ განხორციელდა და აშშ-ის ისტორიაში, ამერიკულ მიწაზე განხორციელებული ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტია. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის ოთხი სამგზავრო კომერციული თვითმფრინავი 19-მა რადიკალმა ტერორისტმა გაიტაცა. ტერორისტული თავდასხმა ალ ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის, დაგეგმილი იყო. ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე თვითმფრინავი - პენტაგონის შენობას, ხოლო მეოთხე - პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა. ტერორისტულ თავდასხმას 2,977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9/11-ის ტერაქტის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით წლებია ვრცელდება. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (1,2,3).

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემპშირის შტატში 23 იანვარს ჩატარებულ პირველად არჩევნებში (პრაიმერი) გაიმარჯვა და კონკურენტი ნიკი ჰეილი დაამარცხა. პირველადი პრაიმერი ერთ-ერთი ეტაპია, რომ 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ კანდიდატი წარადგინოს.

დეზინფორმაცია, რომ ტრამპმა 9/11 ტერაქტში ამერიკა დაადანაშაულა, ამერიკაშიც ფართოდ გავრცელდა და მას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

ამდენად, მტკიცება, რომ დონალდ ტრამპმა 9/11 ტერაქტში აშშ დაადანაშაულა, მცდარია და კონსპირაციის გაგრძელებას წარმოადგენს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი