სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში დავითი დადიანი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1,2), ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონზე ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ, კარლსონს დასანქცირებით ემუქრებიან. რეალურად, აღნიშნული მტკიცება ევროკომისიის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში უარყო და განმარტა, რომ „ამჟამად ევროკავშირის შესაბამის ორგანოებში ამ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული დისკუსიები არ მიმდინარეობს“ .

ამერიკული ტელეკომპანიის Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა ტაკერ კარლსონმა ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ მის ვებგვერდზე 2024 წლის 8 თებერვალს გამოაქვეყნა.

Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა 6 თებერვალს X პლატფორმაზე ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ვიდეო გაავრცელა, სადაც ინტერვიუსთან დაკავშირებით ისაუბრა. „ამერიკელებს აქვთ უფლება, იცოდნენ ომის შესახებ, რომელშიც ჩართული არიან“, -განაცხადა კარლსონმა. მისი თქმით, ბევრმა ამერიკელმა არ იცის, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში, ან რა არის მისი მიზნები. ჟურნალისტის მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დასავლური მედია მიკერძოებულია: ომის დაწყების შემდეგ მრავალი ინტერვიუ ჰქონდათ უკრაინის პრეზიდენტთან, ხოლო პუტინთან ინტერვიუს ჩაწერით „თავი არ შეუწუხებიათ“. აქვე აღსანიშნავია, რომ BBC-ის თქმით, კარლსონის ეს სიტყვები მცდარია, რადგან BBC-ის რუსული სამსახურის მთავარმა რედაქტორმა სტივ როზენბერგმა 18 თვის განმავლობაში ინტერვიუს რამდენიმე თხოვნა გააგზავნა, თუმცა ყოველ ჯერზე პასუხად უარი მიიღო.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირი ტაკერ კარლსონის დასანქცირებას გეგმავს, 8 თებერვალს ევროკომისიის სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, პიტერ სტანო გამოეხმაურა და აღნიშნა: „ევროკავშირის შესაბამის ორგანოებში დისკუსია, რომელიც ამ კონკრეტულ პიროვნებასთან (ამერიკელ პირთან, რომელიც იმყოფება მოსკოვში) არის დაკავშირებული, ამჟამად არ მიმდინარეობს...“. მან ისიც აღნიშნა, რომ თუ წევრ ქვეყნებს სურთ კარლსონისთვის (ან ვინმესთვის) სანქციების დაწესება, მათ ყოველთვის შეუძლიათ წინადადების წარდგენა, მტკიცებულებებით და როცა ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდება, მიიღება გადაწყვეტილება.

ცნობისთვის, ფიზიკურ პირებზე და კომპანიებზე სანქციები იქმნება ევროკავშირის დიპლომატიური მხარის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ, იმის მიხედვით, თუ რა საფრთხეს უქმნის პირი „ევროკავშირის უსაფრთხოებას, ინტერესებს ან ფუნდამენტურ ღირებულებებს“. აღსანიშნავია, რომ სანქციების შესახებ მსჯელობა კონფიდენციალურია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თორმეტი პაკეტი მიიღო, მათ შორის, მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა თითქმის 2000 ფიზიკურ პირზე. დასანქცირდნენ პრეზიდენტი პუტინი და მისი უახლოესი თანამოაზრეები, მინისტრებისა და ოლიგარქების ფართო წრე.

რაც შეეხება ტაკერ კარლსონს, Fox News-დან გათავისუფლების შემდეგ, მან თავის გადაცემა ინტერნეტში გადაიტანა. კარლსონი ყალბი ამბების და პროკრემლისტური ნარატივების გავრცელებაში არაერთხელ არის შემჩნეული. ფაქტების გადამმოწმებელი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის Politifact-ის მიერ კარლსონის 30 სხვადასხვა განცხადება გადამოწმდა, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა (28) შეფასებულია, როგორც ნაწილობრივ მცდარი ან ყალბი ამბავი.

ასე მაგალითად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჟურნალისტი 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმას ამართლებდა და აცხადებდა, რომ ეს იყო კანონმორჩილი პატრიოტების „უმეტესად მშვიდობიანი“ შეკრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, ტაკერ კარლსონი დონალდ ტრამპს მხარს უჭერს, თუმცა შარშან გაჟონილი მიმოწერების თანახმად, მას ტრამპის მიმართ უარყოფითი განწყობა არაერთხელ დაუდასტურებია. ასევე, 2020 წლის არჩევნების გაყალბების საკითხს ის პირად საუბრებში აბსურდს უწოდებდა, ხოლო საჯაროდ, აღნიშნულ დეზინფორმაციას მხარს უჭერდა.

ტაკერ კარლსონი, რომელსაც ჰილარი კლინტონმა რუსეთის ტყუილების გამეორებაში „სასარგებლო იდიოტი” უწოდა, რუსეთს ღიად მხარს ომის დაწყებამდეც უჭერდა. მაგალითად, 2019 წელს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ამერიკა „რუსეთის მხარეს უნდა იყოს, თუკი მოუწევს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და უკრაინას შორის“.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი Fox New-მა 2023 წლის აპრილში გაათავისუფლა. თავად კარლსონი აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება ამერიკულ კომპანია „დომინიონთან“ სასამართლო დავას ეხება, რაც Fox News 787.5 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2020 წლის არჩევნებში „დომინიონის“ ხმის დამთვლელ მანქანებს იყენებდნენ, ჟურნალისტი და მისი გადაცემის სტუმრები ამტკიცებდნენ, რომ მანქანა ხმების გაყალბებისთვის გამოიყენეს.

კარლსონის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ დაუწერია (1,2,3).

ამდენად, მტკიცება, რომ პუტინთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო ამერიკელი ჟურნალისტის დასანქცირებას გეგმავენ, არ დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი