სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში საქართველო უპირველეს ყოვლისა ბილ გეიტსის ინტერვიუს ნაწყვეტს აქვეყნებს. პოსტის მტკიცებით, 2018 წელს ფილანთროპი და ბიზნესმენი ბილ გეიტსი აღიარებდა, რომ კლიმატის ცვლილება არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თაღლითობა: „ბილ გეითსმა აღიარა, რომ კლიმატის ცვლილება "ახალი მსოფლიო წესრიგი"-ს შექმნის მიზნით გამოწვეული თაღლითობაა. ამ ვიდეოში ის ტრაბახობს, რომ ტერმინმა "სუფთა ენერგიამ“ "აურია ხალხს გონება“. ქარის, მზის, ბატარეის და სხვა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები შეიძლება იყოს მოდური, მაგრამ მათ არ შეუძლიათ კლიმატის ცვლილების გადაჭრა“. რეალურად, 2018 წლის სტენფორდის უნივერსიტეტის გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე ბილ გეიტსმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებას მხოლოდ განახლებადი ენერგია ვერ შეაჩერებდა. ბილ გეითს არ განუცხადებია, რომ კლიმატის ცვლილება თაღლითობაა და რომ ის „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შექმნას ემსახურება.

ინტერვიუ 2018 წლის ნოემბერში სტენფორდის უნივერსიტეტის გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზეა ჩაწერილი. ცნობილმა ბიზნესმენმა ინტერვიუს სრულ ვერსიაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ზედმეტად ოპტიმისტურ აზროვნებაზე, ასევე ბუნებრივ აირზე, განახლებად ენერგიაზე და განვითარებადი ეკონომიკის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, განახლებადი ტექნოლოგიები კარგია, მაგრამ კლიმატის ცვლილების შემაკავებლად საკმარისი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტროენერგია არის სათბურის გაზების ემისიების მხოლოდ 25 პროცენტი“.

ბილ გეიტსმა ინტერვიუს დროს ისაუბრა ჯგუფზე, რომელიც თვლის, რომ „კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრა ადვილია“ და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ეს ჯგუფი წარმოადგენს.

ბიზნესმენმა აღნიშნა ისიც, რომ განვითარების მიზნების მიღწევა მხოლოდ ენერგეტიკული სისტემების და სხვა ინფრასტრუქტურის აშენებით არის შესაძლებელი. დასავლეთის პასუხისმგებლობა, გარდა საკუთარი ემისიების შემცირებისა, არის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოგონება, რომლებიც წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებულ ენერგიაზე ნაკლები ღირს.

რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს და ახალი მსოფლიო დღის წესრიგის კონსპირაციას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებითაა შესაძლებელი, რომელთაც აქვთ სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“. კლიმატის ცვლილება WEF-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ თემებზე სხვადასხვა სამთავრობო, საზოგადოებრივ და კერძო ჯგუფთან ერთად მუშაობს. 2023 წლის იანვარში ფორუმმა წამოიწყო „Giving to Amplify Earth Action“ (GAEA) ინიციატივა, რომელიც ყოველწლიურად კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების დასაძლევად 3 ტრილიონი დოლარი გამოყოფას გულისხმობს.

ხაზგასასმელია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს. შესაბამისად, მის საქმიანობას ძირითადად ლობისტური და სარეკომენდაციო ხასიათის აქვს. მას სახელმწიფოების პოლიტიკის კონტროლისა და მსოფლიო მოსახლეობისთვის წესების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კლიმატის ცვლილების საკითხით „ახალი მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას ცდილობს, მცდარია. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სხვა სტატიები (1,2,3).

ამდენად, მტკიცება, რომ ბილ გეიტსის თქმით, კლიმატის ცვლილება „ახალი დღის წესრიგის“ შესაქმნელად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თაღლითობაა, არის ყალბი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი