სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Abuladze Paata, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ინფორმაციას აქვეყნებს. მისი მტკიცებით, კიევში ვიზიტისას ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს არ ეთანხმებიან, აუცილებელია სანქციების გამკაცრება, რამდენადაც „ისინი რუსეთის კონსერვატიულ პროპაგანდას ემსახურებიან“. რეალურად, ბორელს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

2024 წლის 7 თებერვალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, უკრაინას ეწვია. ეს კიევში მისი მეექვსე, ხოლო ომის დაწყებიდან, მეოთხე ვიზიტი იყო. სიტყვის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ მიუხედავად პუტინის რწმენისა, რომ ომი ერთ კვირაზე მეტ ხანს არ გასტანდა, უკრაინელი ჯარისკაცები უკვე დაახლოებით ორი წელია ფრონტზე გმირულად იბრძვიან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების პირობებშიც. მან ისაუბრა უკრაინელთა ბრძოლისუნარიანობაზე, რამაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ნახევრის გათავისუფლება და შავი ზღვის განბლოკვა შესაძლებელი გახადა.

მან ასევე განაცხადა, რომ უნდა გვახსოვდეს ევროკავშირი არა სამხედრო, არამედ ეკონომიკის ირგვლივ აშენებული ალიანსია, რომელიც მოლაპარაკების გზით კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად. ბორელი აღნიშნავს, რომ მართალია, გასული 80 წლის განმავლობაში გაერთიანებამ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება წარმატებით შეძლო, თუმცა რუსეთის იმპერიალისტურმა ამბიციებმა ევროპა გამოაღვიძა და გამოწვევებთან გასამკლავებლად ევროკავშირის ინსტიტუციური ცვლილების აუცილებლობა დაანახა.

ჯოზეფ ბორელმა ასევე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა და ქვეყნისა და მშვიდობის დაცვის საქმეში უკრაინას უპირობო დახმარება აღუთქვა. მან ასევე აღიარა, რომ რუსეთში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა რუსები ომთან ადაპტირდნენ, ხოლო მათი ეკონომიკა იმაზე მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანახმად, სანქციებმა გავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკასა და საომარ ძალისხმევაზე, ორი ათას სუბიექტსა და ფიზიკურ პირზე, თუმცა ახლა ევროპას უწევს, იბრძოლოს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ [1]. როგორც ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ამჟამად მუშაობენ ისეთი საქონლის რეექსპორტის აღკვეთაზე, რომლებიც ბრძოლის ველზე შეიძლება იქნას გამოყენებული.

[1] “We have to look at the reality in the face: yes, sanctions are taking a heavy toll on Russia’s economy and on its war effort. They include almost 2,000 entities and individuals and we cut 60% of our pre-war trade with Russia. We finished our energy dependency with Russia. Now, we are prioritising the fight against circumvention, which is a very difficult process, but we see that it works slowly but surely”.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, იმისთვის, რომ სანქციებმა იმუშაოს, საომარ მოქმედებებთან ერთად, აუცილებელია რუსული ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლა [2], რათა ხალხმა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში ომის გამომწვევი ძირეული მიზეზების შესახებ გაიგოს [3]. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ რუსეთი იმპერიალისტური და კოლონიური ქვეყანაა [4], ხოლო პუტინი ისტორიული რუსული მიწების შესახებ ფანტაზიებით არის შეპყრობილი[5].

[2] „The battle of narratives all over the world. And I am also in charge of this battle, because the perception of this war in the rest of the world will be decisive in order to isolate Putin and make our sanctions work”.

[3] “People in Africa, in South America, in Southeast Asia, not only in the Western world, have to understand the root causes of this war - why this war is raging and why you are fighting”.

[4] “Because for a large part of the world, the defining historical experience has been colonialism. Colonialism has been the story of people, and we were the colonial powers. However, paradoxically, many do not see Russia as an imperialist and colonialist power at all”.

[5] “And Russian imperialism remains a crude reality. Putin is obsessed with his fantasies about “historic Russian lands”.

ამდენად, ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის რეალური მიზეზების ცოდნა მათ დაარწმუნებს, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარონ, ევროკავშირის არსებული სანქციების აღსრულებას ხელს შეუწყობს და პუტინს იზოლაციაში მოაქცევს.

ჯოზეფ ბორელის გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მნიშვნელოვანია, რომ გამოსვლისას ჯოზეფ ბორელმა სიტყვა „სანქცია“ მხოლოდ ორჯერ ახსენა, ისიც სანქციების რუსულ ეკონომიკაზე გავლენისა და სანქციების ეფექტურობის გასაზრდელად რუსული ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. გამოსვლის განმავლობაში მას სიტყვები „კონსერვატიული“ ან „კონსერვატიული პროპაგანდა“ საერთოდ არ უხსენებია. მით უმეტეს, მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ან არსებული სანქციების გამკაცრების შესახებ, არაფერი უთქვამს.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული მტკიცება ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი