სოციალურ ქსელში ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი (1, 2, 3) „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. „ეშმაკები ავითარებენ მცენარეულ "ვაქცინებს". სალათი შეჭამე და X დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაგიტარდება”, - წერს პოსტის აღწერაში. რეალურად, ბიოფარმა Medicago-მ ვაქცინის შესაქმნელად მცენარეზე დაფუძნებული ტექნოლოგია გამოიყენა, თუმცა აღნიშნული ვაქცინაც ინექციით კეთდება. სალათებისა თუ სხვა ბოსტნეულის მიღებით ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შესვლა არ ხდება.

ვიდეოში წარმოდგენილია არხის ABC 10 News სიუჟეტი, რომელიც 2021 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა. სიუჟეტი ეხება ვაქცინას, რომელიც კანადაში დაფუძნებული ბიოფარმა Medicago-სა და GlaxoSmithKline-ის მიერ შეიქმნა. მათ მიერ შექმნილი ვაქცინა იყენებს მცენარეზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას. ვირუსის გენეტიკური კოდი მცენარის ფოთლის უჯრედში უვნებელი ბაქტერიის გამოყენებით გადააქვთ. მცენარის ბუნებრივი უჯრედული პროცესი გამოიყენება არა-ინფიცირებადი ვირუსის მსგავსი ნაწილაკების წარმოსაქმნელად, რომლებიც ფორმით COVID-19-ის გამომწვევ სპაიკ ვირუსს ჰგავს.

მცენარეზე დაფუძნებული ტექნოლოგია გამოიყენება ე.წ. გადამტან მცენარეებში, რომლებიც კარტოფილის, სიმინდის, თამბაქოს მონათესავეა.

დენის ტარაკჯიანმა, სან დიეგოს კლინიკური კვლევების სამედიცინო ცენტრში კვლევების ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ მიუხედავად სტრუქტურული მსგავსებისა, ეს ვირუსის მსგავსი ნაწილაკები „ცარიელი ჭურვებია“, რომლებიც გენეტიკურ ინფორმაციას არ შეიცავს და მათ არ შეუძლიათ ინფექცია გამოიწვიონ.

აღსანიშნავია, რომ Medicago-ს ვაქცინა არ საჭიროებს ისეთ გაყინვას, როგორც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები. ამდენად, მათი შენახვა და ტრანსპორტირება უფრო მარტივია.

Medicago-ს ვირუსის მსგავსი ნაწილაკები შექმნილია ისე, რომ პათოგენის საერთო სტრუქტურას ძალიან ჰგავდეს, თუმცა ის ვირუსი არ არის.

ტესტირებების შედეგად, ვაქცინა სახელწოდებით Covifenz, კანადაში, 2022 წელს დამტკიცდა. მანამდე, კერძოდ, 2020 წელს კანადის მთავრობამ კომპანიაში 173 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ჩადო. მთავრობის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ COVID-19 მცენარეული ვაქცინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მან კვლევებით 71 % ეფექტურობა აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ დამტკიცებიდან ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის მარტში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, Medicago-ს COVID-19 ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის იმ მოტივით არ მიეღო, რადგან კომპანიას თამბაქოს მწარმოებელ კომპანიასთან აქვს კავშირი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, Marlboro-ს სიგარეტის მწარმოებელი Philip Morris International ოდესღაც Medicago-ს აქციონერი იყო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის მიწურულს მისი ყველა აქცია გასხვისდა.

ამდენად, მტკიცება, რომ სალათების ჭამით ადამიანებს ცრიან, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი