პრორუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო სააგენტო Front News Georgia სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ამტკიცებს, რომ 21-ე საუკუნეში ნაციზმი ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე, უკრაინაში აღმოცენდა. ავტორის მტკიცებით, ნაციზმი არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც აღორძინდა, თუმცა ჯერჯერობით მოკრძალებულად. იგი ამტკიცებს, რომ პუტინი უკრაინაში უმიზეზოდ არ შეჭრილა და, რომ უკრაინა არ არის „დემოკრატიული, სუვერენული, სიტყვის თავისუფლების დამცველი, ფუმფულა და ჭკვიანი ქვეყანა, რომელიც პატიოსნებისთვის იბრძვის“. ავტორის მტკიცებით, ამ პოზიტიური სიტყვებიდან „დღევანდელ „ნაცისტურ უკრაინას“ ერთიც არ შეეფერება.

Front News Georgia-ს და მისი მსგავსი პრო-რუსული და ანტიდასავლური მედიის მიერ უკრაინის ნაცისტურ და ფაშისტურ სახელმწიფოდ წარმოჩენა არახალია. უკრაინის დისკრედიტაციის აქტიური კამპანია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ.

კრემლის პროპაგანდის მთავარი მიზანია, მოქალაქეებს დააჯეროს, რომ უკრაინა ნეონაცისტების ქვეყანაა. დეზინფორმაცია, რომ უკრაინა „ნაცისტური სახელმწიფოა“, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა. მისი მტკიცებით, „საკუთარ მიზნებზე ორიენტირებული ნატოს წამყვანი ქვეყნები მხარს უჭერენ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებს და ნეონაცისტებს უკრაინაში, ანუ მათ, ვინც არასოდეს აპატიებს ყირიმისა და სევასტოპოლის ხალხს რუსეთთან გაერთიანების თავისუფალ არჩევანს“.

პუტინმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო დაეცვა „ის ადამიანები, რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მხრიდან დამცირებისა და გენოციდის მსხვერპლი იყვნენ“. მიუხედავად მუდმივი მტკიცებისა, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე სავარაუდო გენოციდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია და არც ოფიციალური საერთაშორისო სტრუქტურებისთვის მიუმართავს. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს მოსკოვის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი ან ეთნიკური რუსი მაცხოვრებლები დევნიან, რომ აღარაფერი ვთქვათ, უკრაინის ხელისუფლების მიერ „ჩადენილ გენოციდზე“. აღნიშნული დასტურდება ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში.

მიუხედავად კრემლის მტკიცებისა, მსოფლიო საზოგადოება მიიჩნევს, რომ უკრაინას „ნაცისტურ სახელმწიფოსთან“ საერთო არაფერი აქვს. უკრაინაში აღმოცენებულ ნეო-ნაციზმთან დაკავშირებულ კრემლის ნარატივს სახელმწიფოთა უმრავლესობა რომ არ ეთანხმება, ამას მოწინავე დემოკრატიული ძალების მიერ გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაც ადასტურებს.

უშიშროების საბჭოს მიერ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოკლე დროში, 2022 წლის 1-ელ მარტს მოწვეულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ცივილიზებულმა სამყარომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. რეზოლუცია მოითხოვდა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ ჯარების გაყვანას, გმობდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. გენერალურმა ასამბლეამ ასევე გამოხატა ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რომელიც არღვევს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს. რეზოლუციას მხარი 141-მა სუვერენულმა სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგი 5 ქვეყანა (რუსეთი, ბელარუსია, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერითრეა) იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მტკიცებას - უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის არსებობის შესახებ, მხოლოდ 5 ქვეყანა უჭერს მხარს. ხოლო ყველა დანარჩენი სახელმწიფო რუსეთს აგრესორად, და არა უკრაინის ტერიტორიის ნაცისტებისგან განმათავისუფლებლად, მიიჩნევს.

მოსაზრებას ასევე არ იზიარებენ ნაციზმის ისტორიკოსები და ნაციზმის მსხვერპლნი, პირველ რიგში - ებრაელები. უკრაინის ხელისუფლების პრონაცისტურად მოხსენიებას ნაციზმის ისტორიის მკვლევრები მთელი მსოფლიოდან შეეწინააღმდეგნენ. Jewish Journal-ის მიერ გამოქვეყნდა ღია წერილი, რომელსაც ხელს 180-ზე მეტი მეცნიერი აწერს, ვინც გენოციდის, ნაციზმისა და მეორე მსოფლიო ომის ისტორიას იკვლევენ.

ამასთანავე, 1991 წლიდან ოფიციალური კიევის მხრიდან ებრაული თემის აქტიური მხარდაჭერა მიმდინარეობს. Pew Research Center-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინას ანტისემიტური განწყობები ყველაზე ნაკლებად აქვს. 2022 წლის თებერვალში უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტისემიტიზმის კრიმინალიზაციის შესახებ მიიღო კანონი, როგორც ეს ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის მიერ არის განსაზღვრული. აღნიშნული დანაშაული ჯარიმით ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2014 წლის მაიდნის გამოჩენილ ლიდერებს შორის, პეტრო პოროშენკოს გვერდით, წინა პლანზე მართლაც იყვნენ უკიდურესი მემარჯვენეები ოლეგ ტიაგნიბოკი და დიმიტრი იაროში („მარჯვენა სექტორის“ წარმომადგენელი). ეს და სხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები 2014 წლის დემონსტრაციების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, თუმცა მათი რეიტინგები 2014 წლიდან სტაბილურად იკლებს. მაგალითად, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ულტრა-ნაციონალისტურმა პარტიებმა ერთიანი ბლოკი შექმნეს, თუმცა მათ მხოლოდ 2.3.% მოპოვება შეძლეს. აღნიშნული აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენე ძალები ფაქტობრივად უკრაინული პოლიტიკური სპექტრის მარგინალურ პოზიციებზე არიან.

მიუხედავად რუსული მხარის ბრალდებებისა, უკრაინის პოლიტიკური სისტემა, თავისი ყველა აშკარა ნაკლოვანებით, ზოგადად იცავს დემოკრატიულ პრინციპებს და პირველ რიგში - ხელისუფლების შეცვლის საკითხს. მემარჯვენე ნაციონალისტურ იდეოლოგიას არ აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ქვეყნის მოსახლეობისთვის უცხოა. კერძოდ, 2019 წელს უკრაინულმა ნაციონალისტურმა პარტიებმა და რადიკალურმა ორგანიზაციებმა უკრაინის პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი წარადგინეს, თუმცა ეს ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა - საბოლოოდ მან ხმების მხოლოდ 1,6% მიიღო.

კიევის მიერ მოქალაქეების დამცირებისა და მათ წინააღმდეგ გენოციდის ჩადენის შესახებ კრემლის მტკიცებების მიუხედავად, ნათელია, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიიდან დღემდე რუსეთის აგრესიას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2014 წლიდან 2020 წლის დასაწყისამდე, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სულ მცირე 13 200 ადამიანი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, მათგან 3 350 მშვიდობიანი მოსახლე იყო, 5 650 - არალეგალური სეპარატისტული შეიარაღებული ფორმირებების წევრი და 4 100 დაღუპული უკრაინის არმიის წევრი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უახლესი (2023 წლის 4 ოქტომბრის) ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 14 აპრილიდან 2023 წლის 31 ივლისამდე, კონფლიქტში 12,619 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მალაიზიის ავიახაზების MH17-ის ბორტზე მყოფი 298 ადამიანის გათვალისწინებით, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს რუსეთთან კავშირში მყოფმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ჩამოაგდეს, 2014 წლიდან მოყოლებული დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა მინიმუმ 12,917-ს აღწევს.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ დონბასში რვაწლიან კონფლიქტს მსხვერპლი მოჰყვა, მშვიდობიანი ეთნიკური რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ მიზანმიმართული განადგურებისა და გენოციდის ნარატივის დამადასტურებელი ვერ იქნება. თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა საერთო გამოცდილებაა ყველა რეგიონისთვის, რომელზედაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს 2022 წელს. OHCHR-თან საუბრისას რესპონდენტები აცხადებდნენ, რომ ოკუპაციის დროს ან იმ დროს, როდესაც მათ რეგიონს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობდა. მათ დაკავების, მოკვლისა და გაუჩინარების ეშინოდათ.

Statista-ს თანახმად, რომელიც თავის მხრივ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებს ეყრდნობა, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებს 2014 წლის 14 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 2000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ხოლო 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2023 წლის 10 სექტემბრამდე, 9614 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2022 წლის მარტში დაფიქსირდა (3900-ზე მეტი), როდესაც რუსეთის ჯარებმა კიევის რეგიონის ნაწილი დაიკავეს და დედაქალაქისკენ დაიძრნენ.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლეონიდ ტიმჩენკოს განცხადებით, 11 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე კვლავაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2014 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე

მტკიცება 2: უკრაინა კორუფციის თვალსაზრისით, გაეროს 193 წევრ სახელმწიფოს შორის პირველია

Front News Georgia-ს მიერ გავრცელებულ სტატიაში ასევე ვკითხულობთ მტკიცებას, რომ - „უკრაინა, არის ქვეყანა, რომელმაც კორუფციის თვალსაზრისით, გაეროს 193 წევრი სახელმწიფო უკან ჩამოიტოვა და პირველ ადგილზე გავიდა“. რეალურად, როგორც ამას საერთაშორისო გამჭვირვალობის უახლესი, 2023 წლის ანგარიში ადასტურებს, კორუფციის თვალსაზრისით, უკრაინა 180 ქვეყნიდან 104-ე ადგილს იკავებს.

წყაროს შესახებ

„ნიუსფრონტის“ ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა, კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. News Front-ი 2014 წელს რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს „როსკომნადზორის“ ბრძანებით დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის („ეფ-ეს-ბე“) მიერ ფინანსდება. სამართლიანი არჩევნების, ISFED-ის ანგარიშის თანახმად, „ნიუსფრონტი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა: Russia Today, „სპუტნიკი“ და RIA Novosti, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად საშუალებებს წარმოადგენენ.

ISFED-ის მიერ 2020 წელს მომზადებული ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, „ნიუსფრონტის“ მასალას საქართველოში 12 არაავთენტური ანგარიში ავრცელებდა. 2020 წლის 30 აპრილს Facebook-მა „ნიუსფრონტის“ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. მათ შორის, „ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის Facebook-გვერდიც. თუმცა „ნიუსფრონტმა“ Facebook-ში აქტიურობა კვლავ განაგრძო (ქსელისა და მასთან დაკავშირებული Facebook-გვერდების, ანგარიშების, ჯგუფების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი