სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ ვიდეოს (1; 2; 3;4), რომელშიც პარტიის - „ახალი“, წევრი ნოდარ ჩაჩანიძე საუბრობს და ამბობს, რომ აქამდე არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. ვიდეოს ერთვის აღწერა, რომელშიც ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ჩაჩანიძემ „4 პარტია გამოიცვალა“ და ამის დასადასტურებლად ვიდეოკოლაჟის სახით ნოდარ ჩაჩანიძის სხვადასხვა წლის განცხადებებია წარმოდგენილი, როდესაც იგი არჩევნებში კენჭს იყრიდა. ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც ვიდეო გაავრცელა Facebook- გვერდია სახელწოდებით „პოლიტიკური საღორე N5“, რომელიც სამართლიანი არჩევნების თანახმად, ოპოზიციური პარტიების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ მოქმედი მადისკრედიტირებელი გვერდია.

Facebook-ანგარიშების გარდა, მსგავსი შინაარსის პოსტი გაავრცელა გვერდმა POSTV - ანალიტიკა, აღწერით: „უპარტიო პოლიტიკოსი“. პოსტში წარმოდგენილია ჩაჩანიძის საარჩევნო პლაკატები, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი მართლაც რომელიმე პარტიის წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიდეო TikTok-ზეც გავრცელდა. (ბმული 1; 2)

სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ნოდარ ჩაჩანიძე 2019 და 2021 წლების ადგილობრივ არჩევნებზე მართლაც იყრიდა კენჭს, ოღონდ როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.

განვიხილოთ თითოეული ფოტო, რომელიც Facebook-ანგარიშების ვიდეოსა და პოსტვ-ის პოსტშია წარმოდგენილი.

პირველი ფოტო, რომელზეც ჩაჩანიძის წინ „ევროპული საქართველოს“ დროშა ჩანს და მტკიცების მიხედვით, მის ამ პარტიის წევრობას უსვამს ხაზს, რედაქტირებულია.

აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში 2019 წლის 3 აპრილს გვერდმა „საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა" გამოაქვეყნა. პოსტის აღწერის მიხედვით, „მომავლის ჭიათურამ“ მერობის რიგგარეშე არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი, დავით ჭუმბურიძე წარადგინა, რომელსაც მხარი დაუჭირეს „ევროპულმა საქართველომ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „შენების მოძრაობამ“. ნოდარ ჩაჩანიძე კი ამ მოძრაობის თავმჯდომარე იყო. ფოტოს დაუმუშავებელ ვერსიაში ნოდარ ჩაჩანიძის წინ არა მარტო „ევროპული საქართველოს“, არამედ „თავისუფალი დემოკრატების“ დროშაც ჩანს.

კიდევ ერთი ფოტოსურათი, რომელიც პოსტებშია გამოყენებული, ჩაჩანიძის 2021 წლის წინასაარჩევნო პლაკატია.

იგი 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში 51 ნომრით ჭიათურის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.

2021 წლის არჩევნებზე მას მხარდაჭერა 5-მა პარტიამ გამოუცხადა და მათ საკუთარი კანდიდატურები არ წარადგინეს. ესენი იყვნენ „„სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „დროა“.

მესამე ფოტოსურათი, რომელშიც ნოდარ ჩაჩანიძე 44 ნომრითაა წარმოდგენილი, 2019 წლის 19 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პლაკატს ასახავს.

ჩაჩანიძე 2019 წელს საკრებულოს წევრობისთვის იყრიდა კენჭს, სადაც ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ნოდარ ჩაჩანიძე სხვადასხვა დროს რამდენიმე პარტიის წევრი იყო, არ შეესაბამება სიმართლეს.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი