სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ნიკა გვარამიას გამოსვლის რედაქტირებულ ვიდეოს (დაარქივებული ვიდეოს ბმული) აქვეყნებს. რეალურად, ვიდეოს მონაკვეთები ისეა მოჭრილი, რომ მსმენელს მცდარი შთაბეჭდილება შეუქმნას.

„მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ახალი“ პარტია შექმნეს. პარტიის შესახებ მათ თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ 2024 წლის 11 მარტს ისაუბრეს.

პრეზენტაციის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც თითქოს ნიკა გვარამია ამბობს: „ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში საკუთარი თავი“. აღნიშნულ ვიდეოში ნიკა გვარამიას სიტყვის ფრაგმენტები იმგვარადაა მოჭრილი და შეერთებული, რომ მისი ნათქვამის სრული კონტექსტი იკარგება და გამოდის, რომ პოლიტიკოსი საკუთარი თავის დამარცხებას აცხადებს მიზნად.

სინამდვილეში, ნიკა გვარამიამ შემდეგი განცხადება გააკეთა (იხილეთ ჩანაწერი 3:57 წუთიდან): „ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ“.

სოციალურ ქსელში ვიდეოს მანიპულაციურ გავრცელებას ხელი სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური ძალების მადისკრედიტირებელ კამპანიაში ჩართულმა ანგარიშებმა (იხილეთ ბმული 1, 2) შეუწყვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართულ ქსელში მოქმედი ერთ-ერთი ანონიმური გვერდია „Agentura“. გვერდი ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ვიდეოებს (1, 2, 3) აქტიურად აზიარებს. გვარამიას რედაქტირებული ვიდეო „აგენტურას“ Tik-Tok პლატფორმაზეც გავრცელდა. ვიდეო ასევე გამოაქვეყნა ანგარიშმა polit_nakrdzali, რომელიც საკუთარ არხზე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ მიმართულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს (1, 2, 3).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი