სოციალურ ქსელში ციფრულ ფულთან დაკავშირებით დეზინფორმაციული შინაარსის შემცველი პოსტი ვრცელდება. პოსტის ავტორის მტკიცებით, ციფრული ფული ადამიანთა კონტროლისთვის იქმნება, მას დაგროვებითი ფუნქცია არ ექნება, მისი საშუალებით მფლობელები ყველა პროდუქტის შეძენას ვერ შეძლებენ, თუ ჩარიცხული ხელფასი დროის გარკვეულ პერიოდში ვერ დახარჯეს, ის გაქრება და საერთოდ ციფრული ფულით მსოფლიოს ყველა სხვა ვალუტის ჩანაცვლება იგეგმება, აიკრძალება ეროვნული სახელმწიფოების არსებობა, სოფლის მეურნეობა და კერძო საკუთრება.

ფულმა კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. ყველაფერი ბარტერით ანუ ნატურალური გაცვლით დაიწყო, რასაც სასაქონლო ფული მოჰყვა. სასაქონლო ფული შეიძლება ყოფილიყო პირუტყვი, მარცვლეული, სამუშაო ან საბრძოლო იარაღი. პირველი მონეტები ძვ.წ VII საუკუნით თარიღდება. ძვ.წ. VI საუკუნით თარიღდება კოლხური თეთრიც.

ქაღალდის ბანკნოტებამდე მონეტები ძირითადად ძვირფასი ლითონებისგან მზადდებოდა და შესაბამისად, მათ საკუთარი ღირებულებაც გააჩნდათ. დღეს 100-დოლარიანის ბეჭდვის საფასური მხოლოდ 8.6 ცენტია. ფულს, ამ შემთხვევაში, ნომინალურ ღირებულებას შესაბამისი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა ანიჭებს.

ბანკების მსგავსი ორგანიზაციების ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის, თუმცა იქ საუკუნეების განმავლობაში ფული მხოლოდ ფიზიკური სახით ინახებოდა.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად XX საუკუნის მეორე ნახევარში საბანკო ანგარიშზე არსებული ფულით, ჩეკის გამოწერისა და ბანკში გასანაღდებლად მისვლის გარეშე ბარათით გადახდა გახდა შესაძლებელი, იმავე საუკუნის მიწურულს ინტერნეტ-შესყიდვებიც რეალობად იქცა.

დღეს ფული ძირითადად ორი სახით არსებობს: ნაღდი და ელექტრონული. ციფრული ფული საპილოტე რეჟიმშია. ფულის კიდევ ერთი სახეობა კრიპტოვალუტა განცალკევებით დგას, რადგან მათ ემისიას ცენტრალური ბანკები არ ახორციელებენ.

ციფრული ლარი ჯერ არ არსებობს, უცნობია მისი ამოქმედების კონკრეტული თარიღიც და ფუნქციებიც, თუმცა ცნობილია ის, რომ არც ნაღდი და არც ელექტრონული ფულის გაუქმება არ განიხილება.

ფული დაგროვების, შეფასებისა (ღირებულების საზომი) და გაცვლის საშუალებაა. საბანკო ანგარიშზე არსებული ფულისგან განსხვავებით, ციფრული ფული კრიპტოვალუტის მსგავსად პირდაპირ ვერ ნაღდდება, თუმცა იგივე კრიპტოვალუტა თუ ლარზე, დოლარზე ან ნებისმიერ სხვა ვალუტაზე გადაიცვალა, მისი განაღდება უკვე შესაძლებელი ხდება. ასეა ჩაფიქრებული ციფრულ ფულზეც, კურსი ამ შემთხვევაში ერთი-ერთზე იქნება.

ელექტრონულ ფულს ნაღდ ფულთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია:

1) რაიმეს ყიდვისას გადახდილი და ხურდის სახით დაბრუნებული ფულის დათვლა აღარაა საჭირო;

2) ბარათის დაკარგვის შემთხვევაში 1 ზარით მისი დაბლოკვაა შესაძლებელი და მფლობელს თანხა არ ეკარგება;

3) ტელეფონით დახარჯული თანხის გადამოწმება და ნაშთის კონტროლია შესაძლებელი;

4) სხვა ქალაქში მყოფი პირისთვის თანხის გადარიცხვა წამებშია შესაძლებელი;

5) ინტერნეტშესყიდვები სხვა ქვეყნიდანაც შესაძლებელი ხდება;

6) კომერციული პირებისთვის დაცვისა და ინკასაციის ხარჯები მცირდება;

7) სახელმწიფოსთვის ფულის გათეთრებასთან და გადასახადების დამალვასთან ბრძოლა მარტივდება.

შესაძლებლობების სპექტრის გაფართოების მიუხედავად, რამდენიმე პრობლემა კვლავ არსებობს. თუ პირი მეორე პირს X ბანკის ანგარიშიდან, ასევე X ბანკის ანგარიშზე ურიცხავს თანხას, მაშინ ის წამებში საკომისიოს გადახდის გარეშე აისახება, Y ბანკის ანგარიშზე გადარიცხვის შემთხვევაში, გადარიცხვის დადასტურებას რამდენიმე საათი სჭირდება და ტრანზაქციის დასრულება შესაძლოა, მეორე დღემდე გადავადდეს, რასაც საკომისიოს ხარჯიც ემატება. ციფრული ფული ამ მხრივ უნივერსალურია. ეროვნული ბანკი ერთია და გადარიცხვებიც შესაბამისად ერთი ბანკის ქოლგის ქვეშ იწარმოებს, დაუყოვნებლად საკომისიოს გარეშე, ან როგორც მინიმუმ იმაზე დაბალი საკომისიოთი, რასაც დღეს მომხმარებელს კომერციული ბანკები სთავაზობენ.

შეიძლება ითქვას, რომ ციფრულ ლარს, როცა ის გაეშვება გარკვეული თვისებები კრიპტოვალუტის ექნება - ციფრულობა, გარკვეული ელექტრონული ფულის ელექტრონული კომერცია, საბარათე გადახდები და გარკვეული ნაღდი ფულის - შუამავლის გარეშე მის ოდენობას ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. რადგან ციფრული ფული ცენტრალიზებული იქნება, მას შინაარსობრივად ტრადიციულ ფულთან გაცილებით მეტი საერთო ექნება, ვიდრე ნებისმიერ სხვა კრიპტოვალუტასთან.

პოსტის ავტორი მტკიცებების ნაწილი დაუსაბუთებელია, ხოლო ნაწილის შემთხვევაში სიახლე არაფერია.

1) განაღდება შეუძლებელია - ციფრული ლარი, თავის თავში გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არსებობდეს, თუმცა არსებობს გამოსავალიც, ციფრული ლარით ჩვეულებრივი ლარის შეძენა და შემდგომ მისი განაღდება;

2) მხოლოდ გარკვეული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა - გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ განიხილება, რომ პირველ ეტაპზე ციფრული ლარით მხოლოდ უძრავი ქონების შეძენა იყოს შესაძლებელი, დანარჩენი პროდუქციისთვის, ისივე როგორც იმავე უძრავი ქონებისთვის, ჩვეულებრივი ლარი გააგრძელებს არსებობას. დროთა განმავლობაში, ციფრული ლარით სხვა პროდუქციის შეძენაც გახდება შესაძლებელი;

3) გადაადგილების შეზღუდვა ბილეთის შეძენის უფლების ჩამორთმევით - პირს საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფალი გადაადგილების უფლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (გამონაკლისს ოკუპირებული ტერიტორიები, საგანგებო და საომარი მდგომარეობა წარმოადგენს) შეიძლება შეეზღუდოს. სასამართლო დღესაც უფლებამოსილია ეჭვმიტანილი ამყოფოს პატიმრობაში, შინა პატიმრობაში, აუკრძალოს ქალაქიდან ან ქვეყნიდან გასვლა;

4) ხელფასის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ფული გაქრება - მსგავსი შინაარსის განცხადება ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია;

5) ტრანზაქციებზე კონტროლი ­- ბარათით გადახდისა და ელექტრონული კომერციის შესახებ სახელმწიფოს ახლაც შეუძლია ინფორმაციის მიღება და იმის გაგება ვინ, სად, რა, როდის, რამდენი, რა ფასად შეიძინა. უფრო მეტიც, დღეს ამ ინფორმაციაზე წვდომა კიდევ ერთ მოთამაშეს - კომერციულ ბანკსაც გააჩნია;

6) ერთიანი მსოფლიო ვალუტის შემოღება - მსგავსი რამ არ განიხილება;

7) ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე ვერსიის გაშვებას 2023 წლიდან გეგმავს - მიუხედავად იმისა, რომ პოსტი 2024 წლის იანვარშია გამოქვეყნებული, გასულ 2023 წელზე, როგორც მომავალზე, ისეა საუბარი.

საერთო მსოფლიო ვალუტა, მსოფლიო მთავრობის მსგავსად, შეთქმულებას თეორიის ნაწილია და რეალობაში არ განიხილება. რა იქნება შორეულ მომავალში, იმის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ახლო მომავალში იმის დაშვება, რომ აშშ და ჩრდილო კორეა, ირანი და ისრაელი საერთო ვალუტაზე შეთანხმდებიან, აზრს მოკლებულია. ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ევროს შემოსაღებად ათწლეულები დასჭირდათ და დღესაც გაერთიანების 27 წევრი ქვეყნიდან, ევროზონაში 20 სახელმწიფოა.

ავტორის პოსტის დანარჩენი ნაწილი, სადაც ის ამტკიცებს, რომ ეროვნულ სახელმწიფოებთან ერთად სოფლის მეურნეობა და კერძო საკუთრებაც აიკრძალება, იმავე შეთქმულების თეორიის გაგრძელებაა და ფაქტობრივი მტკიცებულებებით არ დასტურდება.


მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი