ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელსა (EFCSN) და ევროპის მასშტაბით 40-ზე მეტი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, "ფაქტ-მეტრი" Google-ის მიერ მხარდაჭერილ ყოვლისმომცველი ფაქტების გადამოწმების მონაცემთა ბაზის შექმნაში მონაწილეობს, რომელიც 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე იქნება ფოკუსირებული.

Elections24Check არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შექმნილ ღია მონაცემთა ბაზაში შეგროვდება პოლიტიკური განცხადებების გადამოწმების, დეზინფორმაციული მტკიცებების გაქარწყლების, წინასწარი გაქარწყლების (pre-bunking) შესახებ არსებული სტატიები და ევროპის მასშტაბით 40-ზე მეტი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული ტრენდები.

მონაცემთა ბაზა აერთიანებს 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებულ მტკიცებებს. მომხმარებლებს ექნებათ სტატიების ძიების და გაფილტვრის შესაძლებლობა, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებს, პოლიტიკურ პარტიებს ან თემებს ეხება, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, უსაფრთხოება და თავდაცვა. პროექტის მიზანია გაზარდოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი რესურსის როლი შეასრულოს არჩევნების პერიოდში ევროპელი მოქალაქეებისთვის.

პროექტის ფარგლებში, მას შემდეგ რაც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები შეიყვანენ თავიანთ მონაცემებს, ხელმისაწვდომი გახდება სტატისტიკური ინფორმაცია არჩევნების პერიოდში არსებული დეზინფორმაციული ტენდენციების შესახებ. მკვლევარებს კი ექნებათ შესაძლებლობა სრულ მონაცემთა ბაზაზე წვდომა მოითხოვონ.

პროექტის მონაწილე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ასევე გამოაქვეყნებენ ანგარიშებს, სადაც მოცემული იქნება შეგროვებული მონაცემების ანალიზი.

EFCSN-ის თავმჯდომარემ, კარლოს ჰერნანდეს-ეჩევარიამ, აღნიშნა: „Elections24Check შექმნის ონლაინ მისინფორმაციის ადრეული გამოვლენის სისტემას მთელი კონტინენტისთვის. მასში მონაწილე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები მოიცავენ არამხოლოდ ევროკავშირს, არამედ მის საზღვრებთან მდებარე ევროპულ სახელმწიფოებსაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მისინფორმაცია ფართოდ ვრცელდება საზღვრებს მიღმა“.

Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის სამთავრობო და საჯარო პოლიტიკის საკითხებში, ანეტ კრობერ-რიელმა, განაცხადა: "ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მხარს ვუჭერთ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მუშაობას ევროპის მასშტაბით, ვინაიდან არჩევნებთან დაკავშირებული მისინფორმაცია საზღვრებს მიღმა სწრაფად შეიძლება გავრცელდეს და დემოკრატიულ პროცესებს საფრთხე შეუქმნას. ინიციატივა, რომელსაც EFCSN და მისი 40+ წევრი უძღვება, ხელს შეუწყობს ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებას და გზას გაუხსნის საარჩევნო კოალიციების შექმნას მომავალში“.

პროექტის მონაწილე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა აიღეს ვალდებულებები გამჭირვალობის, მიუკერძოებლობის და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის კუთხით, რაც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე, როგორც ეს დადგენილია ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელი ორგანიზაციების სტანდარტების ევროპული კოდექსით.

მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია აქ: https://elections24.efcsn.com/.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი