სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია(1;2;3), ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაზე პოსტს ავრცელებს. “თუ მშვიდობა გვინდა,რაღას ველოდებით?!დავიწყოთ ომისთვის მზადება და მიწასთან გავასწოროთ რუსეთი..." მოუწოდა შარლ მიშელიმ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს“, - წერს ანგარიში პოსტის აღწერაში. რეალურად, შარლ მიშელმა ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდასა და ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყენებაზე ისაუბრა. მას სიტყვები „რუსეთის მიწასთან გასწორება“ არ უხსენებია.

2024 წლის 19 მარტს პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზული სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს და თუ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას არ გააგრძელებს, შემდეგი ევროპის სხვა ქვეყნები იქნებიან. „ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ უკვე ნათელია, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ისევე, როგორც რუსეთი არ გაჩერდა ათი წლის წინ ყირიმში. რუსეთი აგრძელებს დესტაბილიზაციის ტაქტიკას - მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში და კიდევ უფრო შორს აფრიკის კონტინენტზე“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამიტომ, შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს და გადავიდეს „ომის ეკონომიკაზე“: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია სხვების იმედად ან აშშ-სა თუ სხვა ქვეყნებში საარჩევნო ციკლების წყალობაზე ვიყოთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უნარიანობა - როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის - რათა დავიცვათ დემოკრატიული სამყარო. უფრო ძლიერი ევროპა ასევე ხელს შეუწყობს ნატოსა და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას“.

შარლ მიშელი კრემლის პროპაგანდასაც გამოეხმაურა, რომელიც მისი თქმით, ცდილობს, დაარწმუნოს ევროკავშირის მოქალაქეები, რომ უკრაინის ომი მათ არ ეხება და მათ ბიუჯეტს „აცლის“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ეს უხეში ტყუილია. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად და ჩვენი ევროპული თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ დიპლომატიის, არამედ ძალაუფლების ენაზეც“.

აღსანიშნავია, რომ 21 მარტს ევროპულმა საბჭომ მნიშვნელოვან გამოწვევებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ, დასკვნები გამოაქვეყნა. ევროპული საბჭო მიესალმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის მიზანიც რუსეთის უნარების შესუსტებაა. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები. ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირი და წევრი ქვეყნები დააჩქარებენ და გააძლიერებენ ყველა საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდებას უკრაინისთვის.

ამდენად, მტკიცება, რომ შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს რუსეთის მიწასთან გასწორებისკენ მოუწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი