სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის (ბმული 1, 2) თანახმად, 26 მარტს სინგაპურის დროშით მცურავი, კონტეინერებით დატვირთული გემის უკრაინელი კაპიტანი ბალტიმორისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი ხიდის ერთ-ერთ საყრდენს შეეჯახა, რამაც რამდენიმე წამში ხიდის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. Facebook-ის ანგარიში Гия Амиранович Гогитидзе, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამტკიცებს, რომ უკრაინელი კაპიტანი ბალტიმორის ხიდს განზრახ დაეჯახა. რეალურად, გემის კაპიტანი არა უკრაინელი, არამედ ინდოელი იყო.

სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო ხომალდი, სახელად „დალი“, რომელიც ბალტიმორის ნავსადგურიდან შრი-ლანკისკენ მიემართებოდა, 2024 წლის 26 მარტის დილას მდინარე პატაპსკოს შესართავზე ფრენსის სკოტ ქეის ხიდის დამხმარე პილონს შეეჯახა. ელექტროენერგიის დაკარგვის გამო დაზიანებული ხომალდის შეჯახებამ ხიდის კონსტრუქციის რღვევა და ჩამოშლა გამოიწვია. მომხდარის გამო დაიკეტა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პორტი.

შეჯახებამდე რამდენიმე წუთით ადრე სატვირთო გემმა „დალიმ“ ხელისუფლებას ელექტროენერგიის დაკარგვის შესახებ შეატყობინა. გამომძიებელთა დასკვნით, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და არა ტერორისტული აქტი.

გემის მფლობელთა განცხადებით, ბორტზე ეკიპაჟის 24 წევრი იყო, მათ შორის 22 ინდოეთის მოქალაქე და ბალტიმორის პორტის ორი ლოცმანი, რომლებიც მართავდნენ გემს კატასტროფის დროს.

ინციდენტის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის რუსული მედიისა და რუსი მომხმარებლების მიერ (ბმული 1, 2, 3), რომ ხომალდის კაპიტანი წარმოშობით უკრაინელი იყო.

ხიდის ჩამონგრევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ხომალდის მფლობელმა კომპანიამ, Synergy Marine Group-მა პრესრელიზში განაცხადა, რომ ხიდის ჩამონგრევისას გემზე მყოფი ეკიპაჟის 22-ვე წევრი ინდოელია.

დეზინფორმაციას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია VERIFY და AP Fact Check გამოეხმაურა. AP Fact Check-თან კომუნიკაციისას ხომალდის მფლობელმა კომპანიამ დაადასტურა, რომ სატვირთო გემის კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები ინდოელები იყვნენ. Synergy-მ AP-ს ასევე განუცხადა, რომ ორი ლოცმანი აშშ-ის მოქალაქეები იყო.

ამერიკის პილოტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისა და გენერალური მრჩევლის, კლეი დიამონდის განცხადებით, ლოცმანთაგან ერთ-ერთი შეგირდი მესაჭე, ლიცენზირებულ ლოცმანს აკვირდებოდა. ყველა უცხო დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელიც აშშ-ის წყლებში შედის, ბორტზე უნდა ჰყავდეს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ლოცმანი. მესაჭეები გემებზე ადგილობრივ წყალგამტარ გზებში შესვლამდე ადიან და ნავიგაციას აკონტროლებენ, რაც ნიშნავს, რომ ბრძანებებს გემის სიჩქარისა და მიმართულების შესახებ ისინი გასცემენ.

ამრიგად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ბალტიმორის ხიდთან შეჯახებისას სატვირთო ხომალდის კაპიტანი უკრაინელი იყო, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი