პანდემიამდე პერიოდში, შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან ყოველწლიურად იზრდებოდა. 2019 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2019 წელს ტურიზმის დარგმა მშპ-ს 8.4% შეადგინა. შემოსავლები ტურიზმიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებსაც განვითარებისთვის კაპიტალის დიდი ოდენობა ესაჭიროებათ. ასევე, ბოლო წლებში, ტურიზმის სფეროდან მიღებული უცხოური ვალუტა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. 2020 წელს, პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს, საერთაშორისო ტურიზმის ფაქტობრივი პარალიზება, ხოლო შიდა ტურიზმის მკვეთრი შემცირება მოჰყვა.

საერთაშორისო მოგზაურების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის, ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით, გადაადგილდება. ტერმინი როგორც ტურისტებს, ასევე მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით) და იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს. საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოს ტერიტორიაზე გაათენა.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 81.3%-ით, 9.3 მლნ მოგზაურიდან 1.7 მლნ მოგზაურამდე შემცირდა, მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.4%-ით, 7.7 მლნ საერთაშორისო ვიზიტორიდან 1.5 მლნ მლნ ვიზიტორამდე შემცირდა. უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 2020 წელს 1 მლნ შეადგინა, როდესაც 2019 წელს, მონაცემი 5 მლნ ტურისტულ ვიზიტს აღწევდა.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობის სტატისტიკა 2014-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

უშუალოდ, 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში განმავლობაში, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რიცხვმა 1 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 83.3%-ით. იმავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 961 ათასი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 27.1%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 81.5%-ით. 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, საერთაშორისო ვიზიტორების მხრივ ტოპ 4 ქვეყანას თურქეთი (193 ათასი), რუსეთი (108.8 ათასი), უკრაინა (91.6 ათასი) და სომხეთი (89.3 ათასი) წარმოადგენდნენ.

ერთი შეხედვით, 2021 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, სიტუაცია წინა წელთან გაუარესებულია. თუმცა მნიშვნელოვანია ანალიზი სხვადასხვა კვარტლების მიხედვით. კერძოდ, 2020 წელს შემოსული ვიზიტორების სრული უმრავლესობა იანვარ-მარტის განმავლობაში ფიქსირდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები ძალაში არ იყო, თუმცა შემდგომში, მოგზაურობის სექტორი რადიკალურად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მოგზაურობის სექტორი ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა. განსაკუთრებით საინტერესო ვითარება ზაფხულის თვეების განმავლობაშია, როდესაც ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. 2021 წლის ზაფხულში, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 725 ათასი ადამიანი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 645 ათასი. აღნიშნული 2020 წლის ზაფხულთან შედარებით დაახლოებით 400%-იან ზრდას წარმოადგენს. თუმცა, მეორე მხრივ, შემცირება 2019 წლის ზაფხულთან შედარებით, არსებითია და დაახლოებით 76%-ს წარმოადგენს.

გრაფიკი 1: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2019-2021 წლებში, ათასი ადამიანი, იანვარ-აგვისტოს პერიოდში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ეკონომიკური თვალსაზრისით, ჯერჯერობით მხოლოდ 2021 წლის I კვარტლის მონაცემებია ცნობილი. აღნიშნულ პერიოდში, შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით შემცირებას წარმოადგენს, რადგან 2020 წლის პირველ კვარტალში პანდემიური კრიზისი ჯერ დამდგარი არ იყო. თუმცა, მეორე მხრივ, 2021 წლის ზაფხულში მიღებული შემოსავალი, 2020 წლის სხვა კვარტლების შემოსავლებს აღემატებოდა, რაც დადებით დინამიკაზე მიუთითებს, რადგან როგორც წესი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ I კვარტალი სხვა კვარტლებს ჩამორჩება ხოლმე, თუმცა აღდგენის ტემპები ბუნებრივია, დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან ტურისტული სფეროს გარეშე მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი ეფექტურად და სწრაფად ვერ გადაილახება. მეორე მხრივ, ბუნებრივია, ტურიზმის აღდგენა პანდემიური კონტექსტისგან განუყოფელია და შესაბამისად, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიც არის: ეკონომიკური შეზღუდვების ზომიერი შერბილება და გონივრული დერეგულაცია, კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების ზედმიწევნით შესრულება, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და ა.შ.

ცხრილი 2: შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია