რომან გოცირიძე: პრეზიდენტის მიერ [2019 წელს] წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრი პარლამენტმა არ დაამტკიცა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2019 წლის მაისში სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე წარადგინა. იმავე წლის ოქტომბერში გიორგი მიროტაძემ კანდიდატურა მოხსნა, 2020 წლის ივნისში პარლამენტმა გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურას კენჭი უყარა და ჩააგდო.

ანალიზი:

საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის განხილვისას, განაცხადა: „პრეზიდენტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ თურმე არ წარმოადგინა კანდიდატურა და ეროვნული ბანკის მუშაობა ამით ფერხდება. გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა მოხდა როცა პრეზიდენტმა წარმოადგინა ორი ძალიან კარგი კანდიდატურა - კომერციული სტრუქტურებიდან, საბანკო სისტემაში ნამუშევარი ადამიანი და აკადემიური სფეროდან? წელიწადნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა პარლამენტში არ განიხილებოდა. მერე განიხილეს და ჩააგდეს.“

სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის მორიგი უთანხმოება ეროვნული ბანკის გარშემო წარმოიშვა, როდესაც პრეზიდენტმა 2023 წლის 23 თებერვალს პარლამენტის მიერ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. 13 ივნისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ცვლილებებამდე ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისგან შედგებოდა, საიდანაც ერთი -პრეზიდენტის, სამი - ვიცე-პრეზიდენტის, დარჩენილი ხუთი წევრი კი არააღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა. ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტით, დამატებით, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჩნდებოდა, რის შემდეგაც, აღმასრულებელ წევრთა რაოდენობა ხუთამდე იზრდებოდა, რაც ბალანსს არღვევდა და რაზედაც სავალუტო ფონდს უარყოფითი შეფასება ჰქონდა გაკეთებული. კორექტირების შემდეგ, პირველი ვიცე- პრეზიდენტის პოზიცია შენარჩუნდა. უცვლელი დარჩა ვიცე-პრეზიდენტთა საერთო რაოდენობა. ბოლო რედაქციით ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, რომელთაგანაც ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება. რაიმე მიზეზით პრეზიდენტის არყოფნის (უფლებამოსილების ვადის გასვლა, შვებულება...) შემთხვევაში, მის ფუნქციებს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ნაცვლად, პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

აღმასრულებელ წევრთა რაოდენობა დროებით მაინც იზრდება, იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს სახვა წევრები პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას არააღმასრულებელი წევრებიდან წარადგენენ და თუ საბჭო მას აირჩევს. ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდგომ, ახალი აღარ აირჩევა და აღმასრულებელ წევრთა რაოდენობა ისევ ოთხი გახდება - ორი ვიცე-პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი.

ეროვნული ბანკის თაობაზე პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება თებერვალში არ დაწყებულა. 2019 წლის მაისში სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად დასამტკიცებლად გიორგი მიროტაძე და გიორგი ხიშტოვანი წარუდგინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი 2009-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2011-2014 წლებში იყო ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, 2015-2016 წლებში - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი დირექტორი, 2015-2017 წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ასევე იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

გიორგი ხიშტოვანი ბრემენში, ტრიერში, ლიუნებურგსა და თბილისში ეკონომიკისა და სამართალს სწავლობდა. მას აქვს ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებითა მაგისტრის ხარისხის დიპლომი (MSc), ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრის ხარისხის დიპლომი (LL.M.) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ბაკალავრის დიპლომი. ის ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორის აკადემიურ ხარისხს ეკონომიკაში.

წარდგენიდან 13 თვის შემდეგ, 2020 წლის ივნისში, უმრავლესობამ გიორგი ხიშტოვანის კომპეტენცია, გამოცდილება ან დამოუკიდებლობის ხარისხი დაიწუნა და მისი კანდიდატურა ჩააგდო.

გიორგი მიროტაძე კენჭისყრას არ დალოდებია და 2019 წლის ოქტომბერში კანდიდატურა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხსნა. პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიის მიხედვით, გიორგი მიროტაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ფინკა ბანკის ფინანსური დირექტორისა და ბანკი რესპუბლიკას სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციას. ლექციებს კითხულობდა შავი ზღვის უნივერსიტეტში. უმაღლესი განათლება საქართველოსა და შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული ფიზიკის, საერთაშორისო ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში განმარტებულია (მუხლი 7), თუ ვინ შეიძლება იყოს საბჭოს წევრი: „ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით.“ კომპეტენცია ეჭვქვეშ არც სალომე ზურაბიშვილს დაუყენებია, როდესაც მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტს კითხვები კანდიდატის დამოუკიდებლობის ხარისხზე გაუჩნდა.

2023 წლის ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საბჭოს ცხრა პოზიციიდან, შვიდი დაკავებულია. ამ შვიდიდან, სამი ყოფილი მინისტრი ან მინისტრის მოადგილეა, მათ შორის, ნათია თურნავა, რომელიც 2019-2022 წლებში ეკონომიკის მინისტრი იყო, ნიკოლოზ გაგუა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2018-2021 წლებში და ეკატერინე მიქაბაძე - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2019-2021 წლებში.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, საკუთრივ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის გარდა, დეკლარირებულად საქართველოს კონსტიტუციაც (მუხლი 68) იცავს. ოპოზიციისა და ნაწილობრივ პრეზიდენტის შეფასებით, საბჭოში ყოფილი მინისტრებისა და მინისტრების მოადგილეების ყოფნა ამ დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.

ვეტოს დაძლევამდე, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი საბოტაჟში დაადანაშაულა და ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობის გაჩენით ახსნა, რაც რეალურად მცდარი განმარტებაა. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს არ წარუდგინა კანდიდატები, ან წარუდგინა, მაგრამ პარლამენტმა არ დაამტკიცა, საბჭოში წევრთა რაოდენობა ხუთამდე შემცირდება — ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, რომელიც დროებით პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. დეკემბერში თავისუფლდება რობერტ სინგლეტარიც (კანონი ეროვნული ბანკის შესახებ საბჭოს წევრობის შესაძლებლობის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც აძლევს). ეროვნული ბანკის საბჭოს ლეგიტიმურად ცნობისთვის, ხუთი წევრი აუცილებელი მინიმუმია (მუხლი 7). შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევა საბჭოს წევრებს ახლაც შეუძლიათ და დეკემბერშიც შეეძლებათ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი ვეტოს დაძლევას აპირებდა, სავალუტო ფონდმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და გადაწყვეტილებას „გამაოგნებელი“ უწოდა.

რომან გოცირიძე განცხადების გაკეთებისას პოლიტიკურ კონტექსტს უსვამდა ხაზს. მართალია, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატიდან ერთმა კანდიდატურა ტექნიკურად, საკუთარი ნებით მოხსნა, მაგრამ მხოლოდ წარდგენიდან ხუთი თვის შემდეგ, მეორე კანდიდატი კი, კენჭისყრის გზით, პარლამენტმა ჩააგდო. ამასთან, სავალდებულო გამოცდილება და კომპეტენცია ორივე კანდიდატს ჰქონდა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება სიმართლედ შეაფასა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი