ბოლო წლებში ბავშვთა დახმარების პროგრამა გაფართოვდა და ფულადი დახმარების ოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ნაწილში მთავრობის სოციალური პოლიტიკა დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 234 ათასზე მეტი ბავშვი [16 წლამდე პირი] არის სოციალურად დაუცველი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და არსებობისთვის სახელმწიფოსგან მინიმალურ ფულად დახმარებას საჭიროებს. ამასთან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2021 წლის 1 ივლისიდან პროგრამა გაფართოვდა და ბავშვთა დახმარებას იღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია, მანამდე დახმარება 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა. მოცემული პროგრამისთვის, ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი.

2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის მაისის მონაცემებით, საარსებო შემწეობას იღებს 16 წლამდე ასაკის 234,675 პირი, რაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების საერთო რაოდენობის 28%-ზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება როგორც ზრდისკენ, ისე - კლებისკენ. თუმცა, საერთო ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. (იხილეთ გრაფიკი 1). 2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღებ 16 წლამდე პირთა რაოდენობის ზრდა, დიდწილად, პროგრამის გაფართოებას უკავშირდებოდა. თუმცა სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა შემდგომ პერიოდშიც გაიზარდა.

გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღებ 16 წლამდე პირთა რაოდენობა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

Unicef-ი ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობასა და განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა, მისივე მონაცემებით, ბავშვების გარკვეული ნაწილი, რომელიც სოციალურ/მატერიალურ დანაკლისს განიცდის, პროგრამის მიღმაა დარჩენილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ბავშვთა ფონდის „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის“ კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის უქონლობას, რის გამოც ის მოკლებულია შესაძლებლობას, ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვა) უზრუნველყოს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში ბავშვთა დახმარების პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ფულადი დახმარების ოდენობა გაიზარდა. თუმცა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) სოციალური დახმარების პროგრამის მიღმაა დარჩენილი. აღნიშნულის სავარაუდო მიზეზი ის კრიტერიუმებია, რომლებიც ბავშვიანმა ოჯახებმა მიზნობრივი დახმარების მისაღებად უნდა დააკმაყოფილონ.

ფულადი დახმარებები დიდ გავლენას ახდენს ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე. ის ფაქტი, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული გახდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებზე, ცალსახად მისასალმებელია. თუმცა ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც, მოცემულ მომენტში, სწორედ ამ გზით აღწევენ თავს უკიდურეს სიღარიბეს, კვლავ ზოგად სიღარიბეში, მოწყვლად ჯგუფად რჩებიან.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი