რომან გოცირიძე:2022 წელს საზღვარგარეთ დარჩა საქართველოს 46 397-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წელს საქართველო 46.4 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში დაფიქსირებული უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ანუ მას შემდეგ რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. ეს მაჩვენებელი მაღალი იყო 2021 წელსაც, - 40 825.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, დეპუტატი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელს ქ. ზუგდიდისა და ქ. გორის მოსახლეობის რაოდენობას ადარებს. 2021-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის უარყოფითმა სალდომ (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) 87.2 ათასი შეადგინა, რაც უფრო მეტია, ვიდრე ქ. გორისა და ქ. ზუგდიდის მოსახლეობის რაოდენობა, რაც ჯამში 85.7 ათასს შეადგენს.

დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, თუმცა არის ერთი უზუსტობა, ის საუბრობს 22-წლიან პერიოდზე. რეალურად, მოქალაქეობის მიხედვით, ემიგრანტებისა და იმიგრანტების სტატისტიკა მხოლოდ 2012 წლიდან იწარმოება. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გასულ, 2022 წელს, საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. ეს ყველზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. 2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 40 825 იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქების მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 87 222 შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე გორისა და ზუგდიდის მოსახლეობა ერთად აღებული“.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეობის მიხედვით ემიგრანტებისა და იმიგრანტების აღრიცხვა 2012 წლიდან ხდება. შესაბამისად, უფრო ადრინდელი მონაცემები არ არსებობს.

საქსტატის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) დაფიქსირდა, ეს არის პანდემიური პერიოდი, როდესაც ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილი იყო და ადამიანები ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში. ამასთან, პანდემიის პერიოდში მოქალაქეების დიდი ნაწილი დროებით დაბრუნდა ემიგრაციიდან. 2021-2022 წლებში კი საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც 2012-2022 წლებში, ანუ მას შემდეგ რაც მოქალაქეობის მიხედვით სტატისტიკის წარმოება დაიწყო, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (იხილეთ: გრაფიკი 1). 2021 წელს ეს მაჩვენებელი - 40,825 იყო. 2012-2022 წლებში, საქართველო ჯამში 244,966-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.

გრაფიკი 1: საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობა, 2012-2022 წელი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქ. გორის მოსახლეობამ 44.4 ათასი, ხოლო ქ. ზუგდიდის მოსახლეობამ 41.3 ათასი შეადგინა. ამრიგად, რომან გოცირიძის მტკიცება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი (87 222) უფრო მეტია, ვიდრე გორისა და ზუგდიდის მოსახლეობა ერთად აღებული, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი